ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის მანძილზე შევიდა უფლის მშვიდობაში.
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.
დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმინდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ — პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც როგორც პეტრეს მემკვიდრეებს მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ. „წმინდა პეტრე და წმინდა ანდრია ძმები იყვნენ“, — მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა: მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, — მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, — მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.
მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, ილოცონ მისთვის, რათა, მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის, წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და წმინდა ანდრიასთან, წმინდა ნინოსთან და წმინდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა ყველა ჩვენგანისთვის", - წერია სამძიმრის წერილში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |