ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“,- აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.
„მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში“,- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |