სერბეთის პატრიარქი პორფირე - ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 მარტი 2026, 00:42

პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა, პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც წერილში აღნიშნულია, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და თანამწირველნო, ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ. პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი. თუმცა არ ვწუხვართ, როგორც ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სასოება (1 თეს. 4:13), არამედ ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მტკიცე რწმენით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩვენი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ და ეკლესიის — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნებსა და მორწმუნე საზოგადოებას მისი დიდებული პირველიერარქის გარდაცვალების გამო.

როგორც „ხე, დანერგილი წყლის ნაკადულებთან“ (ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი, ხოლო მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება; ასევე იგია თავისი თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი, რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და მართლმადიდებელი ქართველი ერის იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

ამას, სხვათა შორის, მოწმობს მისი უნიკალური მწყემსმთავრული მსახურება, როგორც ათიათასობით ბავშვის ნათლიისა, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა მისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და იგი ყველა ქრისტიანისთვის „მთაზე მდგარ ქალაქად“ (მათ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად აქცია. დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, დაასვენოს მისი ახალშესვენებული მსახურის, პატრიარქ ილიას სული მართალთა სავანეში, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და სულთქმა, არამედ სიცოცხლე დაუსრულებელი. საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი ირანთან ომზე: ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო არ იქნება
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
არქივი