საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.
მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, პროცესიისთვის ქუჩებში განთავსებულ ეკრანებზეც ედევნებინათ თვალი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.
დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე სიონის ტაძარში ვიდეოგადაღება შეწყდა.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება შესრულდა, რომელიც კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
წესის აგების მსახურების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ, მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარი პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდისთვის 18 მარტის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ღია იყო. მისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ. პატრიარქთან დასამშვიდობებლად მრევლი მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდა.
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად თბილისში არაერთი დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს, ასევე კათოლიკური ეკლესიის დელეგაციები. პატრიარქის ხსოვნას პატივი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა მიაგეს.
სამების საკათედრო ტაძარში მგალობლები მთელი ქვეყნიდან იყვნენ შეკრებილნი და პანაშვიდის დღეებში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სრულდებოდა ქართული საგალობლები.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |