კობახიძე თავად არის ტოქსიკურობის მთავარი წყარო - დემაგოგიის ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, ოქროს მედალი ექნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 20 სექტემბერი 2022, 18:51
დემაგოგიის ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, ბატონ კობახიძეს უბადლო ოქროს მედალი ექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებს გაემიჯნნენ, ანტიდასავლური ძალები არიან.

კახა ქემოკლიძის თქმით, ირაკლი კობახიძე არ ცდილობს საზოგადოების გაერთიანებას, არამედ პირიქით, ცდილობს, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იყოს მაქსიმალურად ფრაგმენტირებული.

„კობახიძე თავად, პიროვნულად, განცხადებების დონეზე, მოქმედების დონეზე და ა.შ. თავად არის ტოქსიკურობის მთავარი წყარო. ის არ ცდილობს საზოგადოების გაერთიანებას, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებას, პირიქით ის ცდილობს, რომ ეს იყოს მაქსიმალურად ფრაგმენტირებული. რაც საბოლოო ჯამში, აბა, გამოიცანით ვის აძლევს ხელს? - რუსეთს. რუსებს უნდათ, რომ ქართული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური ელიტების დონეზე, არ შეიკრას. ოპოზიცია თავის მხრივ შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ შეცდომის მიუხედავად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონა არის დაახლოებით 90%-ზე. თუ ხელისუფალი ხარ, შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ხალხი გარკვეულწილად შემოიყვანო აი,ამ წრეში? - აქ პასუხი არის არაფერს. პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს 90%-იანი პასუხისმგებლობა გარკვეულწილად „გაბლაროს" და ყველაფერი, რასაც თვითონ ვერ აკეთებს კი არა, არ აკეთებს, დააბრალოს დანარჩენებს. დანარჩენების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში ბატონ კობახიძისნაირებს აძლევს „არგუმენტის“ საშუალებას, რომ ჩვენ კი შევეცადეთ, მაგრამ იმათ არ მიიღეს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, დეპოლარიზაცია და ევროკავშირის დანარჩენი რეკომენდაციების შესრულება შესაძლოა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც არ უნდოდეთ და „ქართული ოცნების“ თამაშში იღებდნენ მონაწილეობას.

„ოპოზიციის ზოგიერთი წევრის წარსული, მათი ქმედებები, ამავდროულად დღევანდელი უცნაურად გაკეთებული აგრესიული განცხადებები მაფიქრებინებს იმას, რომ შეგნებულად ან შეუგნებლად შეიძლება „ქართული ოცნების“ კარტის თამაშში იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას.

ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების წრეს, რომლებიც სწორედაც უცნაური აგრესიული რიტორიკით გამოდიან და ზედმიწევნით ზუსტად უნდა ხედავდნენ, რომ ერთი-ერთში 19 აპრილის შეცდომას იმეორებენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

გადაცემაში კახა ქემოკლიძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა „ლელოს, „სტრატეგია აღმაშენებლის", „გირჩი -მეტი თავისუფლებასა" და „დროას" კოალიციად ფორმირების შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ლიტონი განცხადებები და პოლიტიკური ბაქიბუქია.

„ეს მოძრაობები არის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები, ლიტონი განცხადებები იმიტომ, რომ არიან ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მომენტალურადვე, ბატონი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საფუძველშივე გაემიჯნონ ამ ინიციატივას. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ არ გვჯერა განცხადებების, ჩვენ გვჯერა ფაქტების და ქმედებების. იგულისხმება ის, რომ ვინც რამის გამკეთებელია ის თავის საქმეს დადებს მაგიდაზე საბოლოო ჯამში და ვინც ამ განცხადებებით და პოლიტიკური ბაქიბუქით მორიგი იმედგაცრუებისთვის ამზადებს ქართულ საზოგადოებას, მათთან ჩვენ არაფერი გვესაქმება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი