სტატიები
636 ლარი ქვედა ზღვარია და მასზე დაბალი არ შეიძლება ხელფასი იყოს - ირაკლი პეტრიაშვილი 20 ლარიანი მინიმალური ხელფასის შეცვლას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1903 19 ოქტომბერი 2023, 16:33

პროფკავშირები მინიმალური ხელფასის 40%-ით გაზრდის ინიციატივით გამოდის, ინიციატივა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს, რამდენიმე დღეში ახალ ციფრებზე პარლამენტში უნდა იმსჯელონ...

ძველი ციფრის ავტორი ედუარდ შევარდნაძეა. 1999 წელს მან გამოსცა განკარგულება და მინიმალური ხელფასი 20 ლარით განსაზღვრა. მას შემდეგ 24 წელი გავიდა. არადა, ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის პოლიტიკოსთა თაობა გვარწმუნებდა, რომ შევარდნაძის მემკვიდრეობა ბოლომდე შეიცვლებოდა. აღმოჩნდა, რომ რაღაც მაინც დარჩა. ხალხის სახელით და ხალხის გულისთვის - თავად ხომ ასეც აცხადებდნენ - ვერტიკალში შემოსულმა ვარდოსნებმა მინიმალური ხელფასი უცვლელად დატოვეს...

რატომ მაშინ არ დააინიციირეს პროფკავშირებმა ეს ინიციატივა? კარგი შეკითხვაა, თუმცა მარტივი პასუხით - პროფკავშირებს ნაციონალური მმართველობის დროს, საერთოდაც, ტაბუ დაადეს... ამ ისტორიას სხვა დროს მოგიყვებით...

ახალ ციფრებსა და ძველ ინიციატივაზე, პროფკავშირები ამ მოთხოვნით უკვე მესამედ გამოდიან, ONGO პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ისაუბრებს:



- ბატონო ირაკლი, შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რატომ 40 პროცენტი და არა 30 ან 50? რა მაჩვენებლები გაითვალისწინეთ მისი განსაზღვრისთვის?

- დიახ, ახალი მეთოდოლოგიის მხრივაც არის ცვლილებები. ჩვენი გათვლები არა მხოლოდ ციფრებს ემყარება და საშუალო ხელფასიდან გამომდინარეობს, არამედ არგუმენტებსაც - მინიმალური ხელფასი ადეკვატური უნდა გახდეს. ის, რაც გვაქვს, - შევარდნაძის მიერ დადგენილი 20 ლარი, - სასაცილო და სამარცხვინოა. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილას ვართ, ზამბიას, რუანდასა და ბურუნდის შემდეგ...

ამ რეიტინგებშიც არ არის საქმე. ყველაზე დიდი არგუმენტი ისევ საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებებია. 20 ლარი კი საერთოდ არარეალურად გამოიყურება. სტატისტიკის დეპარტამენტი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი დღეს 252 ლარია. ამ მაჩვენებელზე უფრო დაბალი ხელფასი დღეს 49 ათასს მოქალაქეს აქვს. 100 ლარზე ნაკლები - 12 ათასს.

- ეს ძირითადად რა პროფესიებია?

- ძალიან ბევრ სფეროში... განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მათ შორის, საბიუჯეტო სექტორიც გვხვდება. ასე რომ, ვერ იტყვიან, კერძო სექტორის ხელფასებსაც და ციფრებსაც თავად არეგულირებსო.

საარსებო მინიმუმი რომ 252 ლარია, ეს კიდევ სხვა თემაა. ჩვენ ამ ციფრის გადახედვის ინიციატივითაც გამოვდივართ. 

მინიმალურ ხელფასს მივუბრუნდეთ, სტატისტიკის მინიმუმში ეს გაჯერებულია პურ-ფუნთუშეულითა და იაფი პროდუქტებით. მაგალითად, თვეში თქვენ გჭირდებათ 4 კილო ხორცი, ეს გაჯერებულია იაფფასიანი პროდუქტებით. საერთოდ არ არის გათვლა კომუნალურ გადასახადებზე, რაც, ვიცით, რამდენად დიდი ციფრია. საერთოდ არ არის გათვალისწინებული არც ტრანსპორტი, არც განათლება, არც კულტურა. და აი, ამ პურ-ფუნთუშეულითა და იაფი პროდუქტით გაჯერებული საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი დღეს 50 ათასამდე ადამიანს აქვს. 

- ეს მაჩვენებელი ძირითადად რეგიონებზე მოდის?

- არა, რატომ? სამუსიკო სასწავლებლები, ბიბლიოთეკები მხოლოდ რეგიონებში არ არის... ახლახან ჩვენ, შრომის ინსპექციასთან ერთად, სამედიცინო სფეროში საათობრივი მინიმალური ხელფასი განვიხილეთ და საათში საშუალოდ 4 ლარამდე მივიღეთ... ესეც რა ციფრია, მაგრამ არსებული მდგომარეობა გაუუმჯობესდათ სანიტრებს, ექიმებს, ექთნებს, ბებიაქალებს... ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ 21 ათას ადამიანს.
და ახლა ეს მოდგმით გირჩელები ნუ დამიწყებენ იმაზე საუბარს, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დარეგულირდეს.

ჩვენი ინიციატივა მეტ-ნაკლებად არეგულირებს 192 ათასი ადამიანის ხელფასს. მინიმალური ხელფასი უნდა გახდეს 636 ლარი, ეს კი 192 ათასი ადამიანის ხელფასს შეეხება. 

- ეს ციფრი როგორ გამოიანგარიშეთ?

- ჩვენი ბოლო წლების დღის წესრიგიდან. ჩემპიონთა ლიგის თასებივით ვზეიმობთ რეიტინგებს; ვამაყობთ, რომ ბიზნესის კეთების მხრივ საქართველო დაწინაურდა; მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. იმავე მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მინიმალური ხელფასი წესდება საშუალო ხელფასიდან და მის 50 პროცენტს შეადგენს. კვლევა გვეუბნება, რომ ეს ნორმაა და ასეც უნდა ანგარიშდებოდეს და არც ბიზნესს და არც ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ ექმნება.


ასე რომ, ჩვენ ამ ეტაპზე უფრო ნაკლებს ვიღებთ. ჩვენს ბიზნესს რომ არ შეეშინდეს და ბევრი ლოცვის ჩატარება ან შავტარიანი დანის ბალიშის ქვეშ ამოდება რომ  არ დასჭირდეს... 50 პროცენტის ნაცვლად მინიმალური ხელფასი საქართველოში მოქმედი საშუალო ხელფასის 40% უნდა იყოს. ეს ციფრია სწორედ 636 ლარი. ეს ქვედა ზღვარია და მასზე დაბალი არ შეიძლება ხელფასი იყოს. 

საკმარისია თუ არა 636 ლარი ბედნიერებისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ სასოწარკვეთილებიდან მაინც გამოიყვანს ადამიანს. ხალხი ძალიან იტანჯება უმუშევრობით, არაადეკვატური ხელფასით, ამიტომაც ხდება ქვეყნიდან მასობრივი გადინება. საქართველოს კარგი ტვინები და ძლიერი სამუშაო ძალა ტოვებს.

არის პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში თითქმის ვეღარ შეხვდებით. იმავე სანიტრებს... უფსკრული მაღალ ხელფასსა და დაბალ ხელფასს შორის სულ უფრო იზრდებოდა. მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. 

მაგალითად, თუ სტატისტიკის მონაცემებით, სამი წლის წინათ 186 ადამიანს ჰქონდა 100 ათასზე მეტი ხელფასი, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 277 გახდა.  

ახლა, მოდი,  სახელფასო ბიუჯეტი ავიღოთ. რასაც საქართველოს 277 მოქალაქე იღებს, იმავეს იღებს 300 ათასი მოქალაქე ხელფასის სახით. ძალიან ადვილად შეხვდებით მენეჯერს, რომელსაც აქვს 50 ან 60 ათასი ლარი, მის დაქვემდებარებაში კი 300-400-ლარიანი თანამშრომლები არიან. 

ეს საგანგაშო მდგომარეობაა. განგაშის ზარებს მხოლოდ მე კი არა, პოლიტიკოსები უნდა სცემდნენ. თუმცა ისინი პოლიტიკური კორდებალეტისთვის გვადევნებინებენ თვალს. ეს კორდებალეტი კი მოქალაქეების საჭიროებებს საერთოდაც არ ასახავს. მოქალაქეებს სხვა დღის წესრიგი აქვთ და ის პროფკავშირების გამოგონილი სულაც არ არის. ნახეთ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები. ჩემდა სამწუხაროდ, ტერიტორიულ მთლიანობას უკვე უსწრებს დასაქმების, უმუშევრობისა და ანაზღაურების პრობლემები ყველა კვლევის მიხედვით. 


მუდმივად გვეუბნებიან, რა დროს პენსიებია, რა დროს ხელფასები ან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე საუბარია, ჩვენ ხომ წმიდათაწმიდა ვალი გვაქვს - ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ და მერე ყველაფერი დალაგდება. ამ ტყუილში გვაცხოვრებენ და ჩვენთვის საჭირო დღის წესრიგის ნაცვლად სხვა დღის წესრიგს გვთავაზობენ. 

- თქვენ ხომ სახელმწიფო სამმხრივ კომისიაში ხართ, დააყენეთ ეს საკითხი?

- არაერთხელ. ახლაც რომ შეხვიდეთ ჯანდაცვის სოციალური პრიორიტეტების სამმხრივი კომისიის  გვერდზე, ჩვენ მიერ ინიცირებულ საკითხებსაც ნახავთ. მათ შორის მინიმალური ხელფასების საკითხიც არის. სხვათა შორის, ერთი წლის წინად, მთავრობამ გარკვეული გათვლებიც გააკეთა და 20 ლარზე უკეთესი ციფრი გამოუვიდა (მინ. ხელფასი 200 ლარამდე), თუმცა თქვა: პროფკავშირების ინიციატივას ვიზიარებთ, მაგრამ ბიზნესი თანახმა არ არის და კონსულტაციები უნდა გავაგრძელოთო. 

მე არ ვიცი, ბიზნესი რაზეა თანახმა და რაზე - არა, მაგრამ ეს ხომ არგუმენტი ვერ იქნება. მაგალითად, იმავე აფთიაქებში წამლის საკითხში ხომ ჩაერია? ესე იგი რეგულაცია საჭიროა. საერთოდ არ მაინტერესებს, რა უნდათ ბიზნესორგანიზაციებს. ვისაც ჩვენ ვხვდებით, - ძირითადად ჩვენს წევრ ორგანიზაციების ბიზნეს ოპერატორებს, - არცერთ მათგანს მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით შიში არ გამოუთქვამს. 

პირიქით, საერთაშორისო კორპორაციების (მაგალითად, „ნაიკი“, „ადიდასი“, „პუმა“, „ნიუბალანსი“) წერილები გვაქვს, სადაც ისინი გვატყობინებენ, რომ, თუ საქართველოში ბაზრის შესაბამისი მინიმალური ხელფასი არ იარსებებს, მათ ოპერირებას აზრი არ აქვს. აქ თურქულ პატენტზე კი არ არის საუბარი, არამედ ამ ბრენდების ორიგინალ ოფისებზე. იმიტომ რომ მათ აქვთ გარკვეული სტანდარტი და კორპორაციული პასუხისმგებლობა. და ისინი ვერ შევლენ კონკურენციაში სადღაც სარდაფში, შრომის ცუდ პირობებში, სოციალური და შრომითი სტანდარტების იგნორირებით მოოპერირე შუასაუკუნეობრივი სტანდარტების მქონე კომპანიებთან. მათი პროდუქტი იმიტომაც არის ძვირი, რომ ისინი დასაქმებულებშიც მეტ თანხას დებენ - ხელფასი იქნება ეს, მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთური, შრომის, დაზღვევის თუ სხვადასხვა გარანტიის სახით. 

- და ჩვენი ბიზნესის შიში რა არის? მაღალი გადასახადები, საპენსიო ფონდი თუ კონკრეტულად რისი ეშინიათ?

- არგუმენტი არც აქვთ. ერთადერთი, რასაც ამბობენ, ისაა, რომ ეს ციფრი 636 ბიზნესს გააქცევს... ან რომ, მაგალითად, მუშის ხელფასში ათასს ლარს რომ ვიხდიდი, ახლა 636 ლარზე გადავიყვან... ვერაფერსაც ვერ გადაიყვანს. ისედაც გარბის ხალხი. გაიკრას ბიზნესმა ჯიბეზე ხელი, გასცენ ადეკვატური ხელფასები და აღარ იტყვიან, მუშახელს ვერ ვშოულობთო. 300 და 400 ლარს თუ იხდი, როგორ იშოვი?

და საერთოდაც, მათ ურჩევნიათ, ჰყავდეთ რობოტი, რომელიც არც ხელფასს მოითხოვს, არც საჭმელს, არ სასმელს, არც დაზღვევას, არც გარანტიებს და არც უსაფრთხოებას. დასაქმებული ხალხი რომშიც იყო ძველად, მაგრამ იმათ მონები ერქვათ. ამათაც მონები უნდათ. 


- სხვათა შორის, „ვისოლიც“ სერიოზული ბრენდია და რამდენიმე ხნის წინ დიდხანს ველოდე იქ ჩემს რიგს, მხოლოდ ერთი ოპერატორი მუშაობდა. თავიდან მეგონა, რომ გაფიცვა ჰქონდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელფასი აქვთ 300 ლარამდე და ყველა გარბის, ასე ამიხსნეს... მაგრამ ახლა ჩვენ ევროკავშირისკენ გვაქვს გეზი აღებული, როგორია იქ პრაქტიკა, როგორი უნდა იყოს ბალანსი უმაღლეს და უმცირეს ხელფასებს შორის?

- ევროპაშიც და ამერიკაშიც არის ბალანსი ერთი თხუთმეტთან... არ შეიძლება მენეჯერს ჰქონდეს 15-ჯერ მეტი, ვიდრე მის დასაქმებულს. ამერიკაში ეს ზღვარი ერთი ოცდახუთზეა. 60 ათასის ლარის ხელფასის მქონე მენეჯერს იქ ვერ ეყოლება 300-ლარიანი დასაქმებული. ჩვენთან ეს საზღვრები საერთოდ არ მუშაობს, ბალანსი არ არის. 

დღეს რომ ვიღაცამ, მაგალითად, საქართველოში 50 მილიარდი ჩადოს და თქვას, ეფექტიანად გადაინაწილეთ და განვითარდითო, მისი სწორად გადანაწილების მექანიზმები არ არის, შესაბამისად, ეფექტს ვერ მოიტანს. როცა ასეთი მექანიზმები არ არის, მაშინ ჩნდებიან პოპულისტები და ყვირიან: მიწები გლეხებს, ქარხნები მუშებს... ჰოდა, აქამდე მივა საქმე. 

- რეალურად ხომ 20 ლარზე არავინ ცხოვრობს, გამოდის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა იზრდება?

- რა თქმა უნდა, ციფრი ჩრდილოვანი დასაქმების პირდაპირპროპორციულია. მე კანონი მაძლევს უფლებას, დაგიქირაოთ 20 ლარად, 20 ლარიდან დავფარო საშემოსავლო, დანარჩენი თანხა კი კონვერტით მოგცეთ. ეს კონვერტების თემა ტრაგედიაა... მოსახლეობის 32% არაფორმალურადაა დასაქმებული. 

- ეს კონვერტი აჩერებს სოციალურ აფეთქებას?

- პირიქით, აჩქარებს. ერთ მშვენიერ დღეს ბიუჯეტს სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებელი თანხა აღარ ექნება და მაშინ ყველაფერი გაჩერდება. ამიტომაც ციფრები უნდა შეიცვალოს და ხალხის საჭიროებაზე უნდა ვფოკუსირდეთ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი