სტატიები
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1451 28 ოქტომბერი 2023, 11:35

ლავრენტი ალანია უკვე მეხუთედ ხდება ტრანსპორტისა და გზების პროფესიული კავშირის პრეზიდენტი; უკვე მეხუთედ გამოუცხადეს მას ნდობა და დარგის განვითარება ანდვეს... 
რატომ რჩება ის დღემდე უალტერნატივო ფიგურად? ალბათ იმიტომ, რომ ცვლილებებთან და რეფორმებთან ასოცირდება...

იმიტომაც, რომ პროფკავშირების პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის გუნდშია. ეს გუნდი კი პროფკავშირებში საბჭოთა ნანგრევებზე მოვიდა. მაშინ მათი მთავარი გამოწვევა იყო გაპარტახებული სისტემა, მოშლილი ფუნქციები და კომუნისტური მენტალიტეტი...

ახალი იდეებით პეტრიაშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა პროფკავშირები 2000-იანი წლების დასაწყისში ნელ-ნელა ჩაიბარა და თანდათან შეცვალა. ყველაფერი თელასიდან დაიწყო, რამდენიმე წელიწადში მათ ლავრენტი ალანიაც შეუერთდა...

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების პრეზიდენტად პირველად 2006 წელს აირჩიეს. მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ დარგი არც და ვერც ფუნქციონირებდა, დავალიანება ჰქონდა, წევრები არ ჰყავდა და არც დამსაქმებლის უფლებებზე იყო ორიენტირებული.

ლავრენტი ალანია იხსენებს, რომ იმ პერიოდში ხალხისთვის პროფკავშირები უფრო მეტად, ახლა კი სულ უფრო იშვიათად, უფასო დასვენებასთან და კომუნისტური რეჟიმის დროინდელ სხვა პრივილეგიებთან ასოცირდებოდა.

თანამედროვე სახეს ეს სისტემა სწორედ დღეს იღებს. ირაკლი პეტრიაშვილის გუნდი დასაქმებულთა უფლებებზე ფოკუსირდება და სტრუქტურაში ახალგაზრდების მოზიდვას ცდილობს.

- ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა: ახალგაზრდების მოზიდვა, საქალაქთაშორისო გადაზიდვების რეფორმირება, ტაქსის მძღოლების უფლებები და ამ დარგში რაც შეიძლება მეტი ქალის დასაქმება, - ამბობს არჩევის შემდეგ ალანია.

მანამდე სხვა სერიოზული გამოწვევები იყო, მათ შორის უპირველესი კი - კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება. 


- აქამდე კოლექტიური ხელშეკრულებები მხოლოდ თელასს ჰქონდა, სულ მშურდა, სხვათა შორის. ამიტომაც მეც ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა და ამ სექტორში დასაქმებულების უფლებებს ახლა უკვე სწორედ ამ ხელშეკრულებით ვიცავთ, თანაც თითქმის ყველგან.

- რატომ არის ეს ხელშეკრულება ამდენად მნიშვნელოვანი?
- იმიტომ რომ დასაქმებულების უფლებებია გაწერილი. ეს არის კონკრეტული ვალდებულებები, რომლებსაც დამსაქმებელი იღებს, მაგალითად, მეცამეტე ხელფასის სახით, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაზე, დასვენების უფლებაზე, სხვა ბენეფიტებიც არის. 

- როდის გააფორმეთ ეს ხელშეკრულება?
- 2012 წლიდან... მაშინ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის დიდი გაფიცვა იყო. ეს ხელშეკრულებაც სწორედ მაშინ დაიდო. მძღოლების დაზღვევაც აუცილებელი პირობაა. 
დღეს ჩვენ ვცდილობთ, ეს ხელშეკრულება ყველგან შევიტანოთ. სადაც არ გამოდის, იქ სასამართლოს მივმართავთ, ამჯერად სასამართლოში სასწრაფოს მძღოლების უფლებებისთვის ვიბრძვით. წარმატებაში დარწმუნებულები ვართ - პროცესი ჯერ არ წაგვიგია.

- ადრე თქვენ პოლიტიკაში იყავით, ასეა?
- დიახ, ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლდით, 2005 წელს ირაკლი პეტრიაშვილის გუნდს შევუერთდი. სერიოზული ზეწოლა გავიარეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ პროფკავშირებს აკრძალვით ვერ კრძალავდა, მაგრამ წევრებს დევნიდა პროფკავშირებში გაწევრიანების გამო.
დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, მიშას დროს ერთ ღამეში გააუქმეს პროფკავშირები, კი არ აკრძალეს, გააუქმეს, ანუ ხალხს აუკრძალეს გაწევრიანება... „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პროფკავშირებმა საკუთარი წევრები დაიბრუნა და ახლა ის დასაქმებულების ინტერესებს ყველგან იცავს. 

- 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობაშიც მონაწილეობდით, სწორად ვიცი?
- დიახ, თხუთმეტი წლის ვიყავი, თბილისში თვალის სამკურნალოდ რომ დავიწყე სიარული. ხობიდან დედაქალაქში ჩასვლა ხშირად მიწევდა. მახსოვს, ყოველ ოთხშაბათს მე და ჩემი მამიდაშვილი მეტროსადგურ „რუსთაველის“ უკან დიდ აღმართს ავუყვებოდით ხოლმე, იქ მერაბ კოსტავა ცხოვრობდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერები მასთან სახლში იკრიბებოდნენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. ჩვენც მათთან ერთად ვისხედით და ვუსმენდით. 
ახლა წარმოიდგინეთ კონტრასტი. თბილისში ის მერაბ კოსტავას გვერდით იჯდა და დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბრებს უსმენდა. მერე ხობში ჩადიოდა და იქ სერგო ორჯონიკიძის სახელობის სკოლაში მასწავლებლები საბჭოთა ბელადის ქება-დიდებას ასწავლიდნენ, ეუბნებოდნენ, როგორი ბედნიერი უნდა იყოს, რომ საბჭოთა მოქალაქეა.

ცხრა აპრილის შემდეგ ამ სკოლაში უკვე აღარაფრის მოსმენა აღარ შემეძლო. დიდი აქცია დავაორგანიზეთ და პირველი, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა მოვითხოვეთ, სკოლის ეზოდან სერგო ორჯონიკიძის ბიუსტის აღება და იმ ტრაფარეტის მოხსნა იყო, სადაც ეწერა, რომ ბატონმა ორჯონიკიძემ ხობის ნომერ პირველ საშუალო სკოლაში 2 წელი ისწავლა.

- სკოლა, ალბათ, მაშინ ამ ფაქტით ამაყობდა...
- დიახ და ცხრა აპრილის შემდეგ ეს უკვე სირცხვილად მიიჩნეოდა. ორჯონიკიძის ბიუსტის აღება პირველი მოთხოვნა იყო, ამას სხვა მოთხოვნებიც მოჰყვა. მალევე ხობში დიდი ეროვნული მოძრაობა გაიშალა, ისევე როგორც ყველგან...

ეროვნულმა მოძრაობამ მართლაც მთელი საქართველო თავისუფლების ერთიანი ტალღით დაფარა. თუმცა მერე, როცა ეს თავისუფლება მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ ამისთვის არავინ, პირველ რიგში კი, ეროვნული მოძრაობა არ იყო მზად. როცა სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დრო დადგა, წითელი ხაზები გაივლო, სამოქალაქო ომი დაიწყო, არჩეული პრეზიდენტი დაამხვეს, შევარდნაძე ჩამოვიდა. ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, უგაზობა, უდენობა... 
მოკლედ, ეს დიდი გაჭირვებისა და დიდი გამოცდის დრო იყო. 

ედუარდ შევარდნაძემ ბევრი რამ მოახერხა არაფორმალური შეიარაღებული ბანდების აკრძალვის კუთხით. გეზი სტაბილურობისკენ ავიღეთ კიდეც, თუმცა სერიოზული გამოწვევები მაინც დარჩა...


მე რუსთავში „ენერგოპროში“ ვმუშაობდი და ვხედავდი, ადგილობრივი ხელისუფლება და მდიდარი ბიზნესმენები როგორ იპარავდნენ დენს, არც ფულს იხდიდნენ, არც ჯარიმას... უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას არც შეღავათები ეხებოდა და არც არაფერი. უკანონო ხაზებსაც მათ ვუჭრიდით და არა გავლენიან პირებს. ეს ჩემში უსამართლობის განცდას იწვევდა, ვაპროტესტებდი. ხმის ამოღებისთვის დავისაჯე კიდეც, სამსახურიდან გამომიშვეს. 

- და პოლიტიკაში პირველად მაშინ წახვედით?
- დიახ, ვიფიქრე, რომ იქიდან უფრო შევძლებდი ბრძოლის გაგრძელებას.

- და ლეიბორისტულ პარტიას მიაკითხეთ?
- არა, იმათ მომაკითხეს.  

- პოლიტიკას აღარ მიუბრუნდით?
- შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მირჩევნია, რეალური საქმეები ვაკეთო...
ახლა სერიოზული რეფორმები გატარდა. რაც კახა კალაძემ თბილისის მასშტაბით გააკეთა, - ტრანსპორტში ფულის მიმოქცევა რომ აიკრძალა, მძღოლებს აღარ აქვთ ფულთან შეხება, - ეს სერიოზული რეფორმაა. იგივე უნდა გაკეთდეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც. მუშაობა მიდის, სერიოზული გეგმები აქვთ. ჩვენ დასაქმებულების უფლებებს ვიცავთ. აქტიურად ვართ ჩართული პროცესებში. ასე რომ, კონკრეტული საქმის გაკეთება ჩემთვის უფრო დიდი სიამოვნებაა. ამიტომაც ვრჩები აქ. ირაკლი პეტრიაშვილის გუნდში ვარ უკვე 18 წელია. ბევრს მივაღწიეთ და ახალი გამოწვევებისთვისაც ვემზადებით.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი