სტრასბურგი: 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 22 სექტემბერი 2022, 11:14
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასთან და მათ დაკავებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დემონსტრაციის დროს სამივე მოსარჩელე (მაქარაშვილი, კაჭარავა, ბერძენიშვილი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებული იქნა, სასამართლომ აღნიშნული პირები სამართალდამრღვევებად ცნო და მაქარაშვილს - 12 დღით, კაჭარავას - 4 დღით, ხოლო ბერძენიშვილს - 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე განიხილა შეკრების თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების ჭრილში.

აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენდა, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს. ამასთან, უგულებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორც დემოკრატიის პროცესის მონაწილეები, ვალდებულნი არიან პატივი სცენ და დაიცვან ეროვნული კანონმდებლობა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პოლიცია დიალოგს აწარმოებდა დემონსტრაციის მონაწილეებთან. პოლიციამ არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა შეკრების მონაწილეებს დაეცვათ კანონმდებლობა.

სასამართლოს შეფასებით, დემონსტრანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე თავიანთი პოზიცია (მათ შორის, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება) მინიმუმ დღენახევრის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი და მესამე მოსარჩელის მიმართ (მაქარაშვილი, ბერძენიშვილი) შეკრების თავისუფლება არ დარღვეულა.

ევროპულმა სასამართლომ ასევე განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული პროცედურები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მაქარაშვილის და ბერძენიშვილის სამართალდამრღვევებად ცნობა პოლიციელთა ჩვენების გარდა დაეყრდნო, მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეო-ჩანაწერსაც. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მაქარაშვილის და ბერძენიშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ მეორე მოსარჩელესთან (კაჭარავა) მიმართებით საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ის დემონსტრაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა ან პირადად ბლოკავდა საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელს, შესაბამისად, მტკიცებულებების არარსებობის გამო, მე-2 მოსარჩელესთან მიმართებით შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი