ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 01 ოქტომბერი 2022, 15:57

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობის კაცობრიობის უძველეს გამოცდილებას და ამ მასალების საშუალებით საკუთარი იდეების თვითგამოხატვას ეფუძნება.

მხატვარ ნინო გამსახურდიას განცხადებით, ქართულ კულტურაში ბევრი ელემენტია, რომელიც დავიწყებას ეძლევა და მის შესანარჩუნებლად საჭიროა ბრძოლა, არა ხმლით და იარაღით, არამედ მისი განახლებით, გამოყენებით და თანამედროვე მეთოდებით ცნობიერებაში შემოსვლითა და ხელოვნებით.

,,ჩვენ 30 წლის წინ წავედით ემიგრაციაში და წავიღეთ აქედან უდიდესი სიმდიდრე - ეს არის ქართული კულტურა, ხელოვნება და ცოდნა მის შესახებ. ქართული მრავალხმიანობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის საქართველოს ის ნაწილი იყო, რომელიც თან წავიღეთ.

მე საქართველოდან საოცარი პედაგოგებისგან და მეცნიერებისგან უდიდესი ცოდნა წავიღე, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი დახმარება გამიწია. ჩემი შემოქმედება არის არა მხოლოდ ფერწერა, არამედ უფრო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომ ეს ძველი ტექნიკა რაღაცნაირად ისევ აღდგეს, რაღაც ფორმით მაინც იარსებოს.

ჩემი შემოქმედება ექსპერიმენტული ტიპის ხელოვნებაა, ამ ნიმუშებს თანამედროვე ფორმა აქვს, ოღონდ მთლიანად, მთელი ტექნიკა აბსოლუტურად ტრადიციულია და ეყრდნობა ძველ ხატწერას, ძველ კედელთმხატვრობას, უფრო განვრცობილია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დღეს ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში, მე მაქვს მაგალითად საშუალება შევიძინო ერთი პიგმენტი, რომელიც მოიპოვება ჩილეში, მეორე მოიპოვება ავსტრალიაში და ა.შ. მაგრამ დაახლოებით მესამედი ამ პიგმენტების არის საქართველოდან, ქართული წარმოშობისაა.“ - განაცხადა ნინო გამსახურდიამ.

პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ბგერა მოდის სამყაროს კაცობრიობის დასაბამიდან, ეს ფერებიც სწორედ ჩვენი საწყისებიდან მოდის და მხატვრის შემოქმედებაც ამის ნათელი მაგალითია.

,,ნინო გამსახურდია იყენებს იმ პირველ ქმნილ ფერებს, რომლებიც არსებობს დედამიწაზე და რომელიც ადამიანმა თავის განვითარების პარალელურად აღმოაჩინა და რომლითაც იწყება კაცობრიობის შემოქმედება“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა.

მხატვარი იყენებს ოქროს, როგორც მზის სიმბოლოს და ოქროს ფონზე ბუნებრივი მინერალებისაგან (ნახევრად ძვირფასი ქვებისგან) დამზადებული საღებავებით ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი შემოქმედება არის მცდელობა ადამიანი დააბრუნოს ბუნებასთან და დღევანდელ ტექნოკრატიულ (ციფრულ) სამყაროში, სადაც გამეფებულია დროებითი, მოკლევადიანი ნივთებითა და ხელოვნებით სარგებლობის კულტი, საზოგადოება აზიაროს ადამიანის ცივილიზაციის დასაბამისეულ ტექნიკებს, მასალებსა და მხატვრულ ფორმებს, რომელიც შეგვახსენებს ხელოვნების თავდაპირველ - მაგიურ ფუნქციას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი