არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 03 ოქტომბერი 2022, 20:29

არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენასთან დაკავშირებით ოპოზიციის „ყველა წინადადება „ფეიკია““.

„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ეს რეალობა არ არსებობს, ეს მოცემულობა არ არსებობს, შესაბამისად, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.

არის სხვა კრიტერიუმებიც, აფინანსებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას? - არ აფინანსებს, შესაბამისად მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანს უწოდო, არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ოლიგარქი, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი და „ფეიკი“ რომაა მათი ყველა წინადადება ამასთან დაკავშირებით და ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხსნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსგავსი არასწორი განცხადებების გავრცელებაში გიორგი ვაშაძეა ლიდერი, თუმცა მანაც კი ვერცერთ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერასდროს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„როდესაც ეს მოცემულობა დადგა, ენას ხომ ძვალი არა აქვს, რასაც უნდათ იმას ამბობენ. ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც უნდა იმას იტყვის. დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერცერთ მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ წლების განმავლობაში ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ახლა ამ ჩიხის გამო ამბობენ, რომ არ გვაწყობს ეს კანონი. უკრაინაში რაც კარგია, ჩვენთან არ აწყობს ოპოზიციას და უნდა ვიაროთ მათ დაკრულზე. ვიმსჯელოთ ამ თემაზე და თუ აწყობთ, გადმოვიტანოთ უკრაინული კანონმდებლობა და პირდაპირ მივიღოთ, ჩვენ ამაზე თანახმები ვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, საარჩევნო რეფორმები უზრუნველყოფს თუ არა არჩევნების სათანადოდ, დემოკრატიულად ჩატარებას, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ არ არსებობს ისეთი პუნქტი, სადაც შეიძლება ვინმეს სათქმელი დარჩეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცის შესრულებაზე უკან დაიხია.

„არ არსებობს არცერთი პუნქტი, არა მხოლოდ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც ზედმიწევნით არ მიჰყვება რეკომენდაციების შესრულების ვალდებულების პათოსს, არა მხოლოდ პუნქტობრივად და არ არსებობს ისეთი პუნქტი, სადაც შეიძლება ვინმეს სათქმელი დარჩეს, რომ ჩვენ რაღაცის შესრულებაზე უკან დავიხიეთ.

თეორიული დაშვებაც კი რომ გამოირიცხოს, გარკვეული მანიპულაციების, ამ დონის რეგულაციებზეა საუბარი და ამას გვირგვინად ადევს ელექტრონულად ჩატარება არჩევნებისა, რაც ასევე საშუალებას იძლევა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი