
არის გარკვეული უხერხულობა, რომ საქართველოს მიმართ იყო მოწოდება არ მიეღო „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი და თავად ევროკავშირი მსგავს კანონპროექტზე მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას თავიდან არ აპირებს და ამ დისკუსიამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო - როცა იქნება საეჭვო ქმედებები ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან, საზოგადოება, მედია და პოლიტიკური ორგანიზაციებიც იკითხავენ თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციების უკან
„საზოგადოება ხვდება, რომ ემოციები დაცხრა, ყველას შეუძლია დაუბრუნდეს შინაარსს, საგანს და ამაზე იმსჯელოს. ვნახეთ, როგორც საზოგადოებისგან რეაქციები, მათ შორის, იმედგაცრუება იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც ჩაუდეს თავში პროტესტის აღქმა და სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ამის უკან იყო უბრალოდ, კარგად დაგეგმილი პიარ კამპანია, რომლითაც შეეცადნენ, რომ სტიგმატიზებითა და იარლიყების მიკერებით აეგორებინათ სახალხო მღელვარება. ქართული საზოგადოება არის ძლიერი საზოგადოება, რომელმაც გამოიარა 90-იანი, 2000-იანი წლები. საბოლოო ჯამში ამ ემოციების დაცხრომის შემდგომ ხალხი ყველაფერს სწორად აანალიზებს და ხედავს. ეს ინიციატივა, რომელიც ევროკავშირშია, ვნახეთ, რომ სხვა ქვეყნებიც იგივე ინიციატივას აჟღერებენ და აპირებენ შესაბამისი კანონების მიღებას. არის გარკვეული უხერხულობა, რომ საქართველოს მიმართ იყო მოწოდება არ მიეღო მსგავსი კანონი და თავად ევროკავშირი მსგავს კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის განხილვას თავიდან არ ვაპირებთ, მაგრამ ამ დისკუსიამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და როცა იქნება საეჭვო ქმედებები ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, მედია და პოლიტიკური ორგანიზაციებიც იკითხავენ თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციების უკან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |