სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 26 მაისი 2023, 09:56

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება. კანადაში უკვე მესამედ, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება.

საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა.

არგენტინაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დროშის ფერებით ADNOC-ის შენობა განათდება, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა Kingdom Tower-ი, თურქეთში კი იზმირის მთავარი სიმბოლო - საათის კოშკი.

აზერბაიჯანში საქართველოს დროში ფერებში განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოიხატება.

ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდება.

ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში კი ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი - ეროვნული მონუმენტი და შადრევანი.

ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი მერიის შენობა.

ამასთან, ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, ქ. სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.

ასევე, ნიდერლანდებში, ქ.ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა.

შვეიცარიაში, ქ. ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია.

ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია.

კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „ საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ქ. ჟენევაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის გლობალურ სამიტში
არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება
გიორგი ვოლსკი ივანე ჩხიკვაძეზე: როდესაც კონგრესმენებს ტყუილს უყვები, ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, კარგი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ
არქივი