მეუფე შიო: სასიხარულოა, რომ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 27 მაისი 2023, 17:48

დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით. ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება.

ბატონო ირაკლი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი გულისხმიერებისთვის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით მადლობა გადაგიხადოთ“, - აღნიშნა მეუფემ.

მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - იუნესკოს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება. მან ვრცლად ისაუბრა, ამისთვის რა სამუშაოები შესრულდა საპატრიარქოს მხრიდან.

„ამ არასრული ორი თვის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:

1. იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის, კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით.

2. იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყოვნებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოვეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება.

4. ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - იუნესკოს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება.
5. იუნესკოს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო, ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში.

6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია - „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან”. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი - ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი - ბატონი კრისტიანო რუსსო, გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.

მინდა ასევე გაცნობოთ, რომ გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება მედიისა და ინტერნეტპლატფორმის საშუალებით. გელათის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებით ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც თავისი სულიერი მნიშვნელობით, ისევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, იგი სრულიად გამორჩეული ძეგლია ჩვენი ერისათვის. მოგეხსენებათ, რომ გელათი - სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად იწოდებოდა. ეს არის სულიერებისა და მეცნიერების შეხვედრის ადგილი და ქართული სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო. გელათი არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობის დიადი გამოხატულება, რაც იყო ჩვენი დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის გზაც და ანდერძიც. სასიხარულოა, რომ დღესაც, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ღმერთმა დალოცოს ამ საქმის ყველა შემწე და მონაწილე!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი