139
29 ნოემბერი 2023, 00:23
ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის მარტისთვის უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის, თუმცა მიწოდება ყოვნდება, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული“, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის.
ამერიკული გაზეთი აღნიშნავს, რომ გაკვეთილი ის არის, რომ როდესაც თავდაცვის წარმოების შესაძლებლობების გამოფიტვა ხდება, მისი აღდგენა იოლი არ არის.
"უკრაინა დღეში 6000-დან 8000-მდე ჭურვს იყენებს. მის ჯარისკაცებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, რომელიც ნატოს სტანდარტისაა და მათი გამოყენება შესაძლებელია აშშ-ის, საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიისა და სლოვაკეთის მიერ მიწოდებულ ჰაუბიცებზე. მიუხედავად ამისა, ჟოზეფ ბორელმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირმა საბრძოლო მასალის მიწოდების საერთო მიზნის მხოლოდ 30%-ს მიაღწია", - ნათქვამია სტატიაში.
მიმდინარე თვეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ნების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპის დაპირება საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შესრულდეს თავდაცვის ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობის გამო.
გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ცივი ომის შემდეგ, ევროპის სამხედრო ხარჯები მკვეთრად შემცირდა, ხოლო შესაძლებლობების აღდგენა საჭიროებს ინვესტიციებს.
შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ თებერვლიდან ევროკავშირის საბრძოლო მასალის წარმოების სიმძლავრე გაიზარდა 20%-დან 30%-მდე, თუმცა ბორელმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს 1 მილიონი ჭურვი წელიწადში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტისთვის მზად ექნება 1 მილიონი ჭურვი.
"ეს დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან რუსეთი იარაღის ომის დროს წარმოების ტემპზე გადადის", - წერს The Wall Street Journal-ი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |