შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილის შეკრება ემსახურება იმას, რომ ქართველმა ხალხმა ყველას გააგონოს ქვეყნის შიგნით და გარეთ, სად დგას ქართველი ხალხი, რომ ვდგავართ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 24 აპრილი 2024, 11:08

ჩვენ ვესაუბრებით და წარმოვადგენთ, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებული შეკრება ემსახურება იმას, რომ ქართველმა ხალხმა გააგონოს ყველას, სად დგას.

„ბოლო პერიოდში რასაც ვხედავთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“, ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირება, სიძულვილისა სახელმწიფოს მიმართ, პოლიციის მიმართ, ყველაფერი ქართულის მიმართ სიძულვილის გამოწვევა, რასაც იწვევს რადიკალური ოპოზიცია. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი, დადგეს და გააგონოს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, სად დგას ქართველი ხალხი, რომ ჩვენ ვდგავართ, როგორც ევროპელი, ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ გააჩუმონ დისკუსია, გვთხოვონ მორჩილება, გვითხრან, რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება, აი, ასე შებრუნება რომ ხდება ღირებულებების, ამას უნდა გასცეს პასუხი ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ესაუბრება და წარმოადგენს ქართველ ხალხს.

„რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ამ კანონპროექტის გარშემო და პრინციპში, შარშან მარტშიც ეს მიმართულება ჰქონდა, თუმცა ისეთი სიძლიერით საზოგადოება ახლა ვეღარ შეჰყავთ შეცდომაში, არის ის, რომ გვიკრძალავენ დისკუსიას, გვიკრძალავენ ფიქრს, გვიკრძალავენ განხილვას, გვეუბნებიან, რომ უბრალოდ დავემორჩილოთ რაღაც აზრებს, დოგმებსა და მითითებებს. საუბრობენ, თითქოს რაღაც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საუბრობს ის ხალხი, რომელიც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან?! ჩვენ ვესაუბრებით, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს და ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, წარმოვადგენთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი