სტატიები
მიშას პაიკები - ვანო, გიგა, ნიკა - და თამაშები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1774 21 აპრილი 2021, 14:31


ქეთი ხატიაშვილი

მიხეილ სააკაშვილის დიდი და მცირე ზომის პოლიტიკური პაიკები რევოლუციას ვერა, მაგრამ ხელოვნურ კრიზისს ნამდვილად ქმნიან. ეს კრიზისი კი ისევ მიშას კლასტერს ანადგურებს. ვანო მერაბიშვილი იმდენად გაანადგურა, რომ მის გვერდით გამოჩენას ნაციონალებიც კი ერიდებიან. მეორე პაიკი, გიგი ბოკერია კი სრულიად გააკოტრა - ის პოლიტიკაშიც მარტო დარჩა და პარტიაშიც. ჯერი ახლა ნიკა მელიაზეა - რადიკალები მისგან ცდილობენ რევოლუციონერის შექმნას. 

ციხეში პირველი პაიკიც იჯდა. ნაციონალები ვანო მერაბიშვილისგანაც ძერწავდნენ წამებული პოლიტპატიმრის ხატს, მაგრამ მაშინ გიგა ბოკერია ბელადს არ დაემორჩილა - არჩევნების შედეგებიც აღიარა, მერაბიშვილსაც გაემიჯნა, სააკაშვილს პარტიაც გაუყო და ფრაქციაც. ასე გაიძვერულად პოლიტიკაში ცოტა თუ მოქცეულა.

ახლა ნაციონალები ცდილობენ, მთელი თამაში ნიკა მელიაზე ააგონ. თუმცა, ის რევოლუციონერი ქუჩაში ვერ გახდა და მით უფრო ციხეში ვერ გახდება. მეორე მხრივ, მიშა არ აპირებს, ვინმეს საკუთარი ტიტულები დროებით მაინც დაუთმოს. მელია არც რევოლუციონერად არ უნდა მოგვევლინოს და არც გმირად. პოლიტიკური პიედესტალი მხოლოდ მიშასია. პაიკის როლში მელიას მხოლოდ ხელოვნური კრიზისის შენარჩუნება ევალება. 

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად გაკოტრებული არიან რადიკალები. პროცესებზე გავლენას ახლა ისინი სწორედ და მხოლოდ ნიკა მელიას - ფაქტორითაც არა - სიჯიუტით ახდენენ. ის არც გირაოს იხდის, არც ამნისტია უნდა. თითქოს ციხეში მისი ყოფნა ის ბოლო ნაღმია, რომლის შეკოწიწების რესურსიც მათ დარჩათ და ახლა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ როგორმე ხელისუფლება მასზე ააფეთქონ. აფეთქების ხმას კიევში სააკაშვილი ელოდება, ამერიკაში - მისი ბიძა და თბილისში - ნაციონალები. 

ამიტომაც ისინი გამოსავალს კი არ ეძებენ, არამედ ჩიხს. ქუჩის აქტივისტმა ელენე ხოშტარიამ ნიკას ციხიდან გამოსვლის ყველანაირ შესაძლებლობას, გარდა უპირობოსი, მელიასთვის შეურაცხმყოფელი უწოდა. ისე ჩანს, თითქოს მელიას პირადი გრძნობები იმაზე მეტია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული კრიზისები.

არ მიკვირს. თავის დროზე - 8 მარტის შეთანხმების დროს - ამ რადიკალებმა ჩვენს ინტერესებზე წინ ხომ 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი რურუას ინტერესები დააყენეს. ჰოდა, ახლა უკვირთ, ხალხი ქუჩაში რომ არ გაჰყვათ. 
ხალხი უკვე დაკარგეს, მიხეილ სააკაშვილმა კი, იმიჯთან ერთად, უკვე ნდობაც დაკარგა. მისი მორიგი დაპირება, - ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად ჩამოვალო, - უკვე დიდ მხიარულებას იწვევს, მათ შორის მისივე პარტიაში. არადა, უკრაინაში გაქცეულ მესამე პრეზიდენტს ახლა ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შესული ოპოზიციაც დაემატა. ის სხვისი თამაშის წესებით თამაშს მიჩვეული არ არის. ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთანხმებაც ჩაშალოს - ამისთვის სჭირდება ნიკა მელია ციხეში - და პარლამენტიც ააყირაოს - ამისთვის ელოდება, როდის იფეთქებს კრიზისით გაწამებული ხალხი და როდის გამოვა ქუჩაში. 15 მაისი მისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება.
საინტერესოა, რომ შეთანხმების გაფორმების დროს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასეთი რამ თქვა: საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი თავი იწყებაო. ჰოდა, როგორც ჩანს, ძველი თავების ადგილი იქ აღარ არის. ისინი ძველი სტილით მოთამაშეები არიან. 

რადიკალიზმმა ხომ თავის დროზე ზვიად გამსახურდია შეიწირა, შემდეგ გია ჭანტურია და ახლა ის მიხეილ სააკაშვილსაც ანადგურებს. 90-იან წლებში დისიდენტობა პოლიტიკაში ვერ შედგა. მიშა დისიდენტი არც იყო, მაგრამ ის რევოლუციონერია და არც დემოკრატიის პირობებში შეუძლია არსებობა და ვერც არჩევნებში გაიმარჯვებს. 

და თითქოს ყველა შეცდომა უკვე დაშვებული იყო და გამოცდილებაც საკმარისი მივიღეთ იმისთვის, რომ გიგა ბოკერია ასე არ გაკოტრებულიყო, მაგრამ საბედისწერო შეცდომა მან მაინც დაუშვა. და დაუშვა არა ახლა, როცა ჯიუტ თხას ჰგავს, პირველ ჩვენებას აწვება და მანევრისთვის სივრცესაც არ იტოვებს, არამედ გაცილებით ადრე. 

როგორც ჩანს, მისი მხრიდან ილუზია იყო იმის დაჯერება, რომ მიშას გარეშე დამოუკიდებელ თამაშს შეძლებდა. სააკაშვილის პოლიტიკური დაფიდან სუფთა დაფაზე სათამაშოდ სკანდალურად წავიდა, თუმცა ვერც დაფის მოძებნა შეძლო, ვერც ფიგურების შენარჩუნება და ვერც თამაში. ის თითქოს პაიკად დარჩა, რომელიც მიშამ მოკლა. სააკაშვილი ხომ ნამდვილი პოლიტიკური კილერია და ახლა ციხეში მესამე პაიკის ბედით ერთობა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი