სტატიები
საქართველოს პრეზიდენტები და დავით გარეჯი - რა გარიგება დაიდო სააკაშვილთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2465 05 მაისი 2021, 19:06

რა იცის საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა დავით გარეჯის შესახებ? გიდები მას ეუბნებიან, რომ კომპლექსი, ასურელ მამებთან ერთად, ქართველების წინაპრებმა ააშენეს. რა იცის აზერბაიჯანში ჩასულმა ტურისტმა? გიდები მათ უყვებიან, როგორ დააარსეს ეს კომპლექსი მეექვსე საუკუნეში აზერბაიჯანელთა წინაპრებმა - ალბანელებმა - ასურელ მამებთან და ქართველებთან ერთად. 
გაურკვევლობაში მხოლოდ ტურისტები არ არიან. ზუსტად 100 წელია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კავკასიის ცარცის წრეში დგას. მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ვითარება უკვე მეხუთედ დაიძაბა. ბოლოს 2019 წელს, პირველად 1988 წელს. თუმცა, დავა და ხმაური საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლებას ყოველთვის ახლდა. 

პრეზიდენტები: მიშა და სალომე

2007 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევს უმასპინძლა, მდიდრული მიღების შემდეგ, სტუმარი საპატიო ყარაულითა და წითელი ხალიჩით გააცილა. ტრაპთან ხელიც დაუქნია, შემობრუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა:

- ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან. საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს. აქაა ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლის საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანისთვის სამხედრო მნიშვნელობა აქვს, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი.  

რომ არა მიშას ეს განცხადება, რაიმეს დამტკიცება რთული იქნებოდა. მაგრამ პრეზიდენტის რანგში სააკაშვილი გარკვევით ამბობს სიტყვას „შეთანხმება“, რომლის არსი ასეთია: სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში უნდა მოყვეს. 

დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით კი ორაზროვნად აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დარჩეს. თუმცა, იქვე არ აზუსტებს, ესეც შეთანხმების საგანი იყო თუ არა. ექსპერტების განმარტებით, ბაქოსთან ასეთი შეთანხმება არც სიტყვიერად და მით უფრო არც წერილობით არ დადებულა. მაშინ სააკაშვილმა ეს განცხადება შიდა აუდიტორიის დასაწყნარებლად გააკეთა. კი დავთმეთ სტრატეგიული წერტილი, მაგრამ სამაგიეროდ დავით გარეჯი დავიტოვეთო. რეალურად კი შეთანხმება მხოლოდ პირველ ნაწილს ითვალისწინებდა, მეორეს და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესს - არა.  
და სწორედ ალიევის ვიზიტის შემდეგ გადმოიწიეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთის თხემზე, რის შედეგადაც გარეჯის კომპლექსის ორი მონასტერი „საზღვრის იქით“ აღმოჩნდა. ოღონდ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს პირობა მისცა (ეს იყო შეთანხმების ნამდვილი არსი), რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არავითარ შემთხვევაში არ შეუშლიდნენ ხელს მღვდლებს, ქართველ მომლოცველებს, ტურისტებს, გადასულიყვნენ თხემს მიღმა და არათუ მოელოცათ ის მონასტრები, არამედ ბერებს იქ მუდმივად ეცხოვრათ.

თავად კომპლექსთან დაკავშირებით კი არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა. ამას 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდიც ადასტურებს. თბილისსა და ბაქოს შორის ამ ნაწილში მთელი ხუთი წლის განმავლობაში არანაირი დოკუმენტი არ შედგენილა. 

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადებით ჯერ ბაქოში, შემდეგ კი გარეჯში სწორედ ეს სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია. მიხეილ სააკაშვილმა კი - შევარდნაძესა და ალიევს შორის გაფორმებული დოკუმენტური შეთანხმება.


რუკები

ისტორიას ღრმა წარსულში არ შევყვებით, ის სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. თუმცა, კომპლექსთან დაკავშირებით არსებობს ორი რუკა. რიგით მეორე 1938 წლის რუკაა, სადაც კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება და რომელიც როგორც თბილისის, ისე ბაქოს მიერ არის აღიარებული. მხარეებმა ამ რუკის შესაბამისი დოკუმენტებიც გააფორმეს. მეორე უკვე 1985 წელს შედგა, თუმცა, ის მხარეების მიერ დამოწმებული არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც კი მიუღებელი იყო პირობები, რომლებიც იქ ჩაიდო. სამაგიეროდ მისაღები აღმოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პროდასავლური პრეზიდენტისთვის. სიტყვიერი შეთანხმების დროს ალიევმა სსრკ-ს დროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის 1985 წლის რუკებით იხელმძღვანელა.
დღეს კი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ედავებიან, რატომ არ იხელმძღვანელეს მათ 1938 წლის რუკით, რაზეც გარეჯი მართლაც მთლიანად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაშია.

რატომ უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წლის რუკით და არა 1985 წლის? ორი მიზეზის გამო. პირველი, 1938 წლის შეთანხმებას ხელს ორივე მხარე აწერს, ის აღიარებულია როგორც თბილისის, ისე ბაქოს მიერ; მეორე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს წლების განმავლობაში საქართველოს პირველი პირი იყო, საზღვრის პრობლემაზე მოლაპარაკებებს ბაქოსთან ჯერ კიდევ 70-იან წლებში აწარმოებდა. მოლაპარაკებები მაშინაც და მოგვიანებითაც, უკვე 90-იან წლებში, შევარდნაძესა და ალიევს შორის მიმდინარეობდა. 

სააკაშვილის მმართველობის დროს საზღვარზე ვითარება სამჯერ დაიძაბა - 2007, 2010 და 2012 წლებში. რა თქმა უნდა, კონტროლირებადი მედია მოვლენებს არ აშუქებდა; ოპოზიცია კი ქუჩაში იდგა. თუმცა ყვირილით ასეთი პრობლემები არ წყდება. 

და მაინც, რატომ წავიდა დათმობაზე სააკაშვილი? რა იყო პოლიტიკური ფასი? აქ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. არ არის გამორიცხული, ტერიტორიის დათმობით მან ვერტიკალზე მმართველობა გაიხანგრძლივა. ალიევის დახმარება მას ჰაერივით სჭირდებოდა.   
გავიხსენოთ, რამდენად დაძაბული იყო 2007 წელს პოლიტიკური ველი. დაძაბულობამ კრიზისამდეც კი მიაღწია და წლის ბოლოს სააკაშვილს გადადგომაც მოუწია. მაშინ ოპოზიციაში ღიად გადავიდა ბადრი პატარკაციშვილი.  

გავლილია თუ არა უკანმოუბრუნებლობის წერტილი? თბილისი ირწმუნება, რომ მხარეთა შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. შევარდნაძე ყოველთვის გონივრული კომპრომისების მომხრე იყო, სააკაშვილი - კომფორტული კომპრომისის, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე შეეძლო წასვლა. მარგველაშვილი ფილოსოფიით ერთობოდა და სხვა არაფრისთვის ეცალა. ვნახოთ, როგორ დალაგდება საზღვარი და საზღვარზე მხარეთა ინტერესები ახლა.   

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი