სტატიები
Mayflower-ის ეფექტი ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
554 24 ივნისი 2021, 01:34


ჯერ კატეგორიულად უარყვეს, შემდეგ დემონსტრაციულად იცინეს. ეს შემდეგ კი მხოლოდ მაშინ დადგა, როცა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ვიდეომასალა გაავრცელა. სასტუმრო Mayflower-ში, სავარაუდოდ, საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტისა და გადამდგარი პრემიერის შეხვედრა გაიმართა. სააკაშვილისა და გახარიას ერთად გადაღებული ფოტო, რა თქმა უნდა, არ გვინახავს - გასაგებია, თუ ასეთი შეხვედრა შედგა, ის, რა თქმა უნდა, დახურული იქნებოდა. სამაგიეროდ, კარგად ჩანს, როგორ შედის სასტუმროში სააკაშვილი და როგორ გადაადგილდება ფეშენებელური სასტუმროს ფოიეში გახარიას დაცვა.

შეხვდნენ? ისაუბრეს? შეთანხმდნენ? - სანამ ვიდეომასალა გავრცელდებოდა, შეხვედრას ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა, ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი იუმორზე გადავიდნენ, რითაც თითქოს გვითხრეს: კარგი ახლა, სასაცილოა ეს ყველაფერი და მეტი არაფერიო. ნიკა მელიამ, მაგალითად, რომელიც ასევე ვაშინგტონში იმყოფება, იმავე სასტუმროს ფოიეში ვარდისფერი შორტით ფოტო გადაიღო და ის საკუთარ ფბ-გვერდზე ატვირთა, წარწერით: „გახარიას ველოდები“. გახარიამ ჯერ სასტუმრო შეიცვალა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად დამონტაჟებული ფოტო დადო, წარწერით: „არა ჩადებას“. ესეც საკუთარი უმწიკვლობის ნიშნად. 

და მაინც, შედგა თუ არა ეს საიდუმლო შეხვედრა? ჰო, გასაგებია, რომ იმას, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, არავინ არასოდეს ადასტურებს. შეიძლება აქ ყველას ისე სწამს, როგორც ამას სააკაშვილი ამბობს ან გახარია ამტკიცებს, მაგრამ დავაკვირდეთ დეტალებს და ვნახოთ, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს მათი შეერთება

მიშათი დავიწყოთ:

არჩევნების წინ მიშა ჯერ ჩამოსვლას აანონსებდა, - თუმცა გამბედაობა არ ეყო, - ახლა კი სიურპრიზებს აანონსებს. პირველად სიურპრიზები, ავანტიურისტული ღიმილითა და კონსპირაციული ტონალობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაგვიანონსა. მეორედ - რამდენიმე კვირის წინ, უკვე ადგილობრივი არჩევნების მიჯნაზე. რადიკალების ლიდერს სიურპრიზის შინაარსი არ შეუცვლია - მის დღის წესრიგში ისევ ბოიკოტია, უბრალოდ, მთავარი მოქმედი გმირი არ ჰყავს. ნიკა მელიამ იმედები დიდად არ გაუმართლა. ფრუსტრირებული იყო, როცა მისი პარტია იმ პარლამენტში შევიდა, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს. 

უბრალოდ, მთელი დასავლეთი უკვე ერთხმად და კონკრეტულად მოუწოდებდა მათ პარლამენტში შესვლისკენ. აშშ-ს სენატში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში დააკონკრეტეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა პერსონალურადაც კი ურჩიეს. ასე რომ, ქუჩაში მარტო დგომისთვის აღარც ფინანსური და აღარც ადამიანური რესურსი აღარ იყო - ამიტომაც შევიდნენ, თუმცა, უკან დასახევი გზაც დაიტოვეს. ნიკა მელიამ შესვლისთანავე თქვა: ჩვენ შევდივართ პარლამენტში იმიტომ, რომ სხვა პარტიები იქიდან გამოვიყვანოთო. 

ეს სხვა, პირველ რიგში, „ლელოა“. რადიკალები ყველაზე მეტად საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მათმა შესვლამ დააზარალა. 

მელია ერთხელ უკვე გაჭრილი კარტია და მას ახლა მხოლოდ მიშას გახმოვანების როლი თუ ექნება, ისევე როგორც, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს აქვს. 

გავაგრძელოთ გახარიათი:

პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არ აქვს. მიშასგან განსხვავებით, ის პროფანია. სამაგიეროდ ცდილობს, ირაკლი კობახიძეზე იძიოს შური. რატომღაც სწორედ მას ვერ პატიობს საკუთარ შეცდომებს. გადადგომასაც მას აბრალებს და როგორც ჩანს, კონკურენტადაც მას აღიქვამს. ერთი სიტყვით, შურისძიების სურვილი და ვერტიკალზე დაბრუნება მისი ახალი ქართული ოცნებაა. 

გახარიამ თბილისი რამდენიმე დღის წინ დატოვა. პარტიამ თავისი ლიდერის ბრიუსელში ვიზიტი დააანონსა. თუმცა, არაფერი თქმულა ვაშინგტონში გამგზავრებაზე, ის იქ მოულოდნელად წავიდა. 

მიშამ კიევი დატოვა. რამდენადაც ცნობილია, ვაშინგტონში ის რამდენიმე წელია, არ ყოფილა. მაგრამ სწორედ მაშინ გაფრინდა ამერიკაში, როცა იქ გახარია ჩავიდა და სწორედ იმ სასტუმროში გაჩერდა, სადაც გახარია დაბინავდა. 

თბილისში ამ დროს პარლამენტში ყველა პარტიაა წარმოდგენილი და ეს ყველა ტრადიციული დებატების, კრიტიკისა და ძიძგილაობის რეჟიმში შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობს. პარლამენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. საარჩევნო რეფორმას განიხილავენ და სასამართლო რეფორმაზე მუშაობენ. 

მაგრამ მიშას სურს ქაოსი, ისევ ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები. ის მხოლოდ ამ გზით ხედავს საქართველოში დაბრუნების შანსს.

გახარიას ინტერესიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 2024 წლამდე ვერც პარტიას შეინარჩუნებს და ვერც იმიჯს. ამიტომაც განაცხადა: არა აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება ადგილობრივი არჩევნები და რამდენ პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება“ - 43-ს თუ 50-ს, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია მაინც არ ექნებაო. 

აქ მიშას და გახარიას ინტერესები იკვეთება და ამ გადაკვეთამ ისინი Mayflower-ში მიიყვანა. შეხვედრა და მოლაპარაკება რომ არ შემდგარიყო, თბილისში არაფერი შეიცვლებოდა. თუმცა, მათი კვეთის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში Mayflower-ის ეფექტი გაჩნდა. 

რას ვგულისხმობ?

ამ შეხვედრის შემდეგ, „ლელოს“ პირველი პირი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დატოვების ინიციატივით გამოვიდა. მიზეზს ბევრს იპოვიდა - რა პრობლემაა, მაგრამ ყურადღება სასამართლო რეფორმაზე შეაჩერა და ეს სწორი გათვლაა. სასამართლოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი პოპულისტურიც არის და პოპულარულიც. შეიძლება საბაბად მისი გამოყენება. აქ ერთი საინტერესო დეტალია. ამერიკაში არა მხოლოდ სააკაშვილი, მელია და გახარია იმყოფებიან, არამედ ხაზარაძის ახლა უკვე თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძეც. ისიც ვაშინგტონშია. ყველა ერთად ერთ ქალაქში მეტისმეტია, ეს უკვე დამთხვევა აღარ არის. 

მალევე, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა არ გამორიცხა. და ეს მაშინ, როცა ამერიკაში რამდენიმე დღით ადრე ჩასულმა მელია-ბოკუჩავას დუეტმა სწორედ ვაშინგტონიდან განაცხადა, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერსო.  

პარალელურად შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ პარტიებს ისევ საკუთარ ფანჩატურში ეპატიჟება.

დაბოლოს, IPSOS კვლევები გამოჩნდა. კვლევების თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართოს, გახარიას მხარს 8% დაუჭერს, „ქართულ ოცნებას“ - 32%. მანამდე ნაციონალები ამბობდნენ, რომ გახარია-თვალთხარიას რეიტინგი საერთოდ არ აქვს და მას მხარს არც არავინ უჭერს. ახლა ის უკვე სერიოზული წონით ჩნდება იმ კვლევებში, რომელსაც სააკაშვილი პირადად აკონტროლებს. IPSOS ერთხელ ხომ უკვე გაეხვია დიდ სკანდალში ამის გამო, სწორედ 2020 წლის არჩევნების წინ. მაშინ აღმოჩნდა, რომ კვლევას პარიზის ოფისი კი არ აწარმოებდა, როგორც დააანონსეს, არამედ კიევში მიშას მეგობრული გარემოცვა. 

ესეც Mayflower-ის ეფექტი - ოპოზიციაში ისევ ბოიკოტის სურვილი და აზრი გაჩნდა; ფანჩატური ისევ ცოცხლდება და კვლევებში ნაციონალების შემდეგ, რომლებსაც 23% აქვთ, მთავარი მოთამაშე გახარიაა.

აქედანაც ჩანს, რომ მთავარ გმირზე კასტინგი შედგა. მიშას სიურპრიზის სცენარში გახარია აქტიურ მონაწილეობას მიღებს და მისი ამოცანა იქნება, „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვას

ქაოსი და არაპროგნოზირებადობა - ეს არის მიშას მთავარი მიზანი; შურისძიება და პოლიტიკურ რუკაზე დარჩენა - ეს არის გახარიას ამოცანა. ასე რომ, რადიკალიზმი ახლა ორი კომპონენტისგან შედგება და მისი სახე „მიშა გახარიაა“.  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი