სტატიები
იქცევა თუ არა შავი ზღვა პუტინის ტბად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1471 19 ოქტომბერი 2021, 12:38


ქეთი ხატიაშვილი

იქცევა თუ არა შავი ზღვა პუტინის ტბად? ამ კითხვაზე პასუხი ერთ აფროამერიკელს აღმოაჩნდა. მას 41-წლიანი საბრძოლო გამოცდილება აქვს. მოსკოვში მისი გამოჩენა უკვე მონათლეს, როგორც კრემლის კოშმარი.
ლოიდ ოსტინი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის პირველი აფროამერიკელი მინისტრია.

მე მჯერა მისი, რადგანაც ვიცი, როგორია ხოლმე მისი რეაქცია და პასუხი ზეწოლებზე, - დაახლოებით ასეთი არგუმენტით ახსნა თავისი არჩევანი პრეზიდენტმა ბაიდენმა. 

მათი გზები პირველად ბაიდენის ვიცე-პრემიერობის დროს გადაიკვეთა. მაშინ ოსტინი აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) უფროსის თანამდებობას იკავებდა და ისინი ერაყში, ავღანეთსა და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ერთად მსჯელობდნენ. 


ახლა ბაიდენი მოხუცი პრეზიდენტია, ოსტინი - ამერიკის თავდაცვის მინისტრი. და ამჯერად ეს ორი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრობს. აქ კი საქართველო და უკრაინაა ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები ჯერჯერობით არ არიან. განსხვავებით რუმინეთისგან, თურქეთისა და ბულგარეთისგან. ნატოს წევრებს დასავლეთის ალიანსი ოფიციალურად იცავს, თბილისი და კიევი კი ამგვარ ოფიციალურობას მოკლებულნი არიან. შესაბამისად, უკვე წლებია, როგორც ერთს ისე მეორეს კრემლი სხვადასხვა საფრთხობელათი აშანტაჟებს და ცდილობს, შავი ზღვა მხოლოდ პუტინის საცურაო ტბად აქციოს.

საფრთხობელაზე გამახსენდა, სხვათა შორის, საინტერესო დამთხვევაა: მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა არა მხოლოდ არჩევნებს დაემთხვა, არამედ კრემლის ახალ და სახიფათო პლატფორმასაც, რომელსაც 3+3 ფორმატი ჰქვია. თბილისს ეს ფორმატი აშკარად არ მოსწონს და უკვე დიდი ხანია ცდილობს, მისი შეფასებისას დუმილის უფლებით ისარგებლოს. 

გამოცდილება გვაქვს. თავის დროზე, როცა მოსკოვი დსთ-ში შებრძანებას გვთავაზობდა, ჩვენგან კი მტკიცე უარი მიიღო, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო - კრემლი იარაღით ამარაგებდა როგორც შევარდნაძის, ისე გამსახურდიას მომხრეებს. შემდეგ კი დსთ გარდაუვალი არჩევანი გახდა, ისევე როგორც მაშინ გარდაუვალად დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი - ეს კიდევ სხვა თემაა და აქ არ შევეხებით. 

მოსკოვი ახლაც ასეთი არჩევანის წინაშე გვაყენებს. 3+3 ფორმატის ჩართვა საქართველოსთვის დასავლელი პარტნიორების გარეშე დარჩენას ნიშნავს, ნიშნავს ევროპული ოჯახიდან მოწყვეტას და რუსეთის გავლენის სფეროში გადასვლას. 

ჰოდა, ამ ფონზე საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოდის. 

კიდევ ერთხელ, ძალიან ემოციურებისთვის ხაზგასმით ვამბობ: ვადარებ მხოლოდ ფონს. დანარჩენი კი ალბათ მხოლოდ დამთხვევაა. 

ევრაზიის პლატფორმის დროს, სხვათა შორის, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ნინო ბურჯანაძე ცდილობდა. ყოველ შემთხვევაში, მას არასოდეს გაუკრიტიკებია ეს ფორმატი და სააკაშვილის გადაყენებაც სცადა - ერთ-ერთ ეპიზოდში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად. 

უკრაინას პუტინმა ყირიმი წაართვა. აფხაზეთისა და ცხინვალის ოფიციალურად მისაერთებლად (მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურია) თუ კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა, ყირიმისთვის ისეთივე „სამოქალაქო ომის“ პროვოცირება დასჭირდა, როგორიც 90-იანებში საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ამით მან შავი ზღვის აუზში ჯერ მხოლოდ ფეხები ჩაყო. 

მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი. ამიტომაც ახლა ახალი პლატფორმა გაჩნდა. რუსეთი საკუთარი ინტერესების შენიღბვას თურქეთით ცდილობს, რომელიც ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს წევრია. მოკლედ, თუ ჩემთან ერთად არ გინდათ, მე სომხეთთან და ირანთან ერთად ვიქნები პირველ სამეულში, მეორე სამეული თქვენ, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, შეავსეთო.


რიცხვებით ჟონგლიორობა პოლიტიკაში დიდი ხანია, აღარავის უკვირს. ჰოდა, თბილისიც დიდი მოთმინებით ელოდა დასავლეთის რეაქციას. ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, კრემლი საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო.  

ეს სიგნალი ოსტინის ევროპული ტურნე აღმოჩნდა. თბილისის შემდეგ ის ჯერ კიევში ჩადის, შემდეგ ბუქარესტში და ბოლოს ბრიუსელშიც, სადაც ნატოსთვის ვიზები „მზადდება“.

ასე რომ, განცხადებები საქართველოს დასავლეთის რადარებიდან გაქრობის შესახებ მხოლოდ მითი აღმოჩნდა. 

ლოიდ ოსტინი არა მხოლოდ ახალი მხარდაჭერით, ახალი ინიციატივითაც ჩამოვიდა. მას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. უსაფრთხოება და სტაბილურობა კი შეუძლებელია, უკრაინისა და საქართველოს გარეშე დადგეს. 

ამიტომაც ისაუბრა რუსეთის შეკავების პოლიტიკასა და ნატოს ღია კარზე. 3+3 ფორმატზე კომენტარისას კი რუსეთს 2008 წლის შეთანხმება შეახსენა:

რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ფოკუსირებული უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემაზე, ვიდრე ახალ პლატფორმებზე დისკუსიას დაიწყებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომ იმუშაონ ერთად დავების გადასაწყვეტად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“. 

ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ამ რეგიონისთვის - თავისი განსაკუთრებული პრობლემებით - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოც და უკრაინაც უკვე დიდი ხანია, ნატოს კარში შესვლას  ცდილობენ.

ედუარდ შევარდნაძე იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ნატოს კარზე დააკაკუნა. კარი ვაშინგტონის სამიტზე, 1999 წელს გაუღეს - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სწორედ მაშინ შეიმუშავეს ყველა მსურველი ქვეყნისთვის.

ეს კარი ღია დარჩა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც. მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვეტო რამდენჯერმე დაადეს. თბილისში თქვეს, რომ ევროპამ რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლო. 

ახლა, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პენტაგონი ახალ გეგმებსა და, როგორც ჩანს, ახლებურ მიდგომებზე საუბრობს. 

საქართველოში კიდევ ერთი იმედი გაჩნდა. ლოიდ ოსტინის ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ ვაშინგტონი უკან დახევას არ აპირებს. 

რატომ უკან დახევას? სწორედ ასე მოინათლა ჯერ სირიიდან და შემდეგ ავღანეთიდან გამოსვლა. საინტერესოა, რომ ამ პროცესში თავად ოსტინი ჩართული არ ყოფილა. მან იმუშავა ბარაკ ობამას დროს, როცა ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2016 წელს კი გადადგა. მოხუცმა პრეზიდენტმა გადამდგარი გენერალი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს დაასახელა. იანვარში კი სენატმა ის (93 მომხრე ორის წინააღმდეგ) დაამტკიცა. ასე რომ, წლების შემდეგ ოსტინი ბაიდენმა უკან დააბრუნა.

ვნახოთ, რით დაბრუნდება ოსტინი ვაშინგტონში თავისი ევროპული ტურნეს შემდეგ და რას ნიშნავს ამჯერად ნატოს ღია კარი თბილისისა და კიევისთვის. სხვათა შორის, ამ ფრაზას მოსკოვში უკვე შეარქვეს რიტუალური. 

დროა, ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ მისი ინიციატივები რიტუალებს კი არა, რეალურ პოლიტიკას ეფუძნება. თბილისმა კი, ისევე როგორც უკრაინამ, რუსულ ქაოსსა და დასავლურ წესრიგს შორის არჩევანი უკვე დიდი ხანია, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. და არც ეს არჩევანია რიტუალური და ისიც რეალობას ეფუძნება. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი