სტატიები
მელია რადიკალიზმს ემიჯნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1017 21 ოქტომბერი 2021, 16:06


ქეთი ხატიაშვილი

მეორე ტურები „ქართული ოცნებისთვის“ გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე პირველი იყო. აქ დიუმასეული ფორმულა მოქმედებს, - Un pour tous et tous pour un, - რაც ქართულად ასე ჟღერს: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. 

ამ ფორმულაზე აეწყო „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა წარსული გამოცდილებაც გამოიყენა. გადამწყვეტ ბრძოლაში ცდილობს, არაპოპულარული სახეები სამზარეულოს საკუჭნაოში შემალოს. ამიტომაც ახლა არც თაკო ჩარკვიანი ჩანს, არც გუბაზ სანიკიძე, არც ბატონი ხაბეიშვილი, არც გიორგი ბარამიძე და არც თავად მიხეილ სააკაშვილი.

ამ ტაქტიკას სააკაშვილმა 2008 წლის ჯერ საპრეზიდენტო, მოგვიანებით კი საპარლამენტო არჩევნებზე მიმართა. მაშინ პარტიის სამზარეულოს საკუჭნაოში მაია ნადირაშვილი და გიგა ბოკერია გამოკეტეს.  

მოკლედ, სახე, რომელსაც ახლა ოპოზიცია, იგივე ნაციონალები, მეორე რაუნდის წინ ქმნის, ამომრჩეველში სერიოზული და პასუხისმგებლობიანი გუნდის შთაბეჭდილების შექმნას ისახავს მიზნად.

„ქართულ ოცნებაში“ რადიკალური განწყობები ყოველთვის იყო, მაგრამ ის მმართველობის სათავემდე, როგორც წესი, არ ადიოდა. ამიტომაც 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო, გეზი კოჰაბიტაციისკენ აიღო და წარსული გამოცდილება, - როცა გამარჯვებული დამარცხებულს ანადგურებს, - არ გამოუყენებია.  

ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი წაგებული და გადარჩენილი პოლიტიკური ძალაა. ახლა მის პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავაც გამარჯვება დგას. ამაზე ცოტა ქვემოთ. 

მანამდე კი ისევ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ განწყობებს მივუბრუნდეთ. მმართველი ძალის რიტორიკას ბევრწილად ოპოზიცია განაპირობებდა. კლასიკური მაგალითი აქ შარლ მიშელის დოკუმენტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა. მაშინ ღია რიტორიკაში ნიკა მელია, სხვებთან ერთად, ერჩოდა როგორც გრიგოლ ვაშაძეს, ისე სალომე სამადაშვილს. ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ და საკუთარ პარტიას ამ დოკუმენტის სარგებლიანობას ვერ უმტკიცებდნენ. 

მაშინ ნიკა მელია რადიკალებს შორის რიგით რადიკალად დარჩა. პარტიიდან ერთის დათხოვნასაც დაუჭირა მხარი და მეორის გაგდებასაც. თუმცა, საბოლოოდ მიხვდა, რომ ცდებოდა - მისი სახით კი რადიკალიზმიც. ამიტომაც მივიდა და ხელი მოაწერა. 

თუმცა, უკვე გვიანი იყო. „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა. მმართველი პარტიის არგუმენტი სრულიად ლოგიკურად ჟღერდა: შეთანხმება ნიშნავს მეორე მხარის თანხმობას, ეს თანხმობა კი მეორე მხრიდან არ არის. შესაბამისად, არც შეთანხმებაა. 

სწორედ მაშინ გაიღვიძა ნაციონალებში რაციონალიზმმა და გააკეთეს ის, რისთვისაც ჯერ გრიგოლ ვაშაძე დასაჯეს, შემდეგ კი - სალომე სამადაშვილი.

სხვათა შორის, ნიკა მელიას პარლამენტში შესვლაც მოუწია. თუმცა, ის ერთი რიგითი რადიკალი იყო, როცა პარლამენტის პიკეტირებასაც უჭერდა მხარს და ბოიკოტსაც. 

არც ცესკოზე თავდასხმა იყო გამართლებული. საბოლოოდ აკრედიტებულ ელჩებთან და მედიასთან ერთად ეგრეთ წოდებული გაყალბებული უბნები გადაითვალა და არანაირი შეცდომა და, მით უფრო, დანაშაული არ დაფიქსირებულა. 

არც სამადაშვილისთვის მოუხდია ვინმეს ბოდიში და არც ვაშაძისთვის, მათი ადგილი არც კოალიციაში აღმოჩნდა. თუმცა, მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ისინი ითხოვდნენ. 

ზუსტად როდის მიხვდა, მელია რომ ცდებოდა, ახლა ძნელი სათქმელია. თუმცა, უკვე ნათლად ჩანს, რომ ის ცდილობს, წითელი ხაზი გაავლოს საკუთარ პერსონასა და რადიკალებს შორის. ამიტომაც ჩრდილოვან კაბინეტში არცერთი რადიკალი არ შეიყვანა.

არის თუ არა ეს მომავალი მესამე ცენტრი? უფრო ზუსტად მეორე? იქნება თუ არა მელიას ამოცანა რადიკალი ნაცების ჩანაცვლება პოლიტიკაში, ამას კიდევ ვნახავთ. 

თუმცა ფაქტია, რომ მეორე ტურის წინ საარჩევნო მარათონი რადიკალური ნაკლებად იქნება. იგივე მელიას ხმაურიან ლოზუნგს, - უფასო კვება ბავშვებს სკოლაში, - თუ გავითვალისწინებთ, აქცენტი სოციალურ საკითხებზე გადადის. ანუ სააკაშვილის მოთხოვნებზე კი არა, ამომრჩევლის საჭიროებაზე. 

და მმართველმა პარტიამაც შეცვალა რიტორიკა. სისხლიანი ბანერების ნაცვლად, აქცენტი მანაც სოციალურ პრობლემებზე გააკეთა. კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უფასო წამლების პაკეტს ჰპირდება.

იქნება თუ არა ეს გარდამტეხი წერტილი რადიკალიზმიდან პოლიტიკურ პროცესამდე, ამას კიდევ დავაკვირდებით. ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რადიკალიზმი მოდაში დიდი ხანია აღარ არის. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი