სტატიები
საკუთარი თამაშიდან სოხუმის კულუარებამდე - რატომ არ სჭირდება ლუკაშენკოს აფხაზეთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 29 სექტემბერი 2022, 14:27

ქეთი ხატიაშვილი

ეს უბრალოდ პირველი ვიზიტი არ იყო აფხაზეთში. აქ დატვირთვა რიცხვებზე მეტად შინაარსს ჰქონდა. ლუკაშენკო თავისი მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში პირველად ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? პირველ რიგში, ალბათ იმას, რომ ბელორუსიის პრეზიდენტს ახლა შეიძლება მხოლოდ პუტინის - თანაც წაგების მდგომარეობაში მყოფი რუსი პრეზიდენტის - იმედი ჰქონდეს. ის ხომ ძალაუფლებას მხოლოდ კრემლის მხარდაჭერით ინარჩუნებს. 

ბოლო გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთმა ის პერსონა ნონ გრატად შერაცხა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არც გადახედვას აღარ ექვემდებარება და არც გასაჩივრებას. ადრე თუ დასავლეთი ლუკაშენკოს უკან დასახევ სივრცეს მაინც უტოვებდა, როგორც ჩანს, ახლა შესაძლებლობების ყველა ფანჯარა საგულდაგულოდ დაუგმანა. 
ჰოდა, თუკი ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაფუჭებულიყო, უკვე გაფუჭდა და დასამსხვრევი ან დასანგრევი აღარაფერი დარჩა, ლუკაშენკოც თავის ბუნებრივ მოკავშირეს მიუბრუნდა. მისი ადგილი ხომ მცირე დიქტატორების გვერდითაა. 

რუსეთში მისი გამოჩენა და კრემლის მეპატრონესთან დახურულ კარს მიღმა საუბარი არავის გაჰკვირვებია. 

საოცრება შემდეგ მოხდა.

აფხაზეთში თქვეს, რომ მაღალ სტუმარს ელოდებიან. სოცქსელებში დილიდან დაიწყო ფსონების დადება. აქცენტი სამ პერსონაზე კეთდებოდა - პუტინზე, ლუკაშენკოსა და ერდოღანზე. რამდენიმე საათში კორტეჟის ფოტოებიც გავრცელდა, რომელმაც ბიჭვინთისკენ გადაუხვია. კიდევ უფრო გვიან შეხვედრის ფოტოც გამოქვეყნდა. თუმცა, მასპინძლების გარდა, ფოტოზე სხვა არავინ ჩანდა. და როცა მკითხაობითა და წინასწარმეტყველებით ყველა დაიქანცა, „აპსნიპრესმა“ ყველა კარტი გახსნა. 

აღმოჩნდა, რომ სოჭის დახურული კარიდან გამოსული ბელორუსიის პრეზიდენტი აფხაზეთს ეწვია, თუმცა დახურული ვიზიტის ფორმატში. 

ამ შეხვედრის დეტალებს კიდევ მივუბრუნდებით. 

დავუბრუნდეთ სოჭის დახურულ კარს მიღმა შეხვედრას. ლუკაშენკო დაბერდა. ის ბოლოა, ვინც ევროპულ სივრცეში საბჭოთა აზრებითა და სიტყვებით თამაშობს, ზოგჯერ ჟონგლიორობს, ზოგჯერ ჭირვეულობს, ზოგჯერ სიტუაციას ურევს, მაგრამ ყოველთვის თამაშობს. 

მაგრამ ახლა პუტინის მაგიდა ერთადერთია, სადაც მას ადგილს სთავაზობენ. კრემლის დღის წესრიგში ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნაა. სრულად გაკოტრებულ და დაბერებულ ლუკაშენკოს სწორედ ამ სივრცეში სთავაზობენ პოლიტიკაში ცხოვრების ბოლო წლების გატარებას.

ლუკაშენკო ჯერჯერობით ერთადერთია, ვისაც დასავლეთში გასაქცევი აღარ აქვს. 
ეს კარგად ესმით როგორც მოსკოვში, ისე მინსკში. 

და თითქოს რა შუაშია აქ აფხაზეთი?

საქმე ის გახლავთ, რომ კრემლს ამ ახალ კავშირში სოხუმის შეყვანაც სურს. ამისთვის კი მას ბელორუსიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სჭირდება. პუტინი რომ აღიარებს, გასაგებია, ლუკაშენკო რომ არ აღიარებდა - დასავლეთში თამაშის უფლების შენარჩუნების მიზნით - ესეც გასაგებია, მაგრამ ახლა ბატონ ალექსანდრეს სათამაშო კარტები გამოელია. 

ბევრმა მისი ვიზიტი აფხაზეთში უკვე აღიქვა, როგორც ამ ოკუპირებული რეგიონის აღიარების სიმბოლო. თუმცა პოლიტიკაში კავშირები სიმბოლოებზე კი არა, დოკუმენტებზე დგას. ჰოდა, მოსკოვს ლუკაშენკოს სიტყვების ან ჟესტების კი არა, დიდი ხანია ცრემლებისაც არ სჯერა. მათ შორის, უკვე არც პუტინის ცრემლების. მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა.

ლუკაშენკოს მივუბრუნდეთ.

მარტო დარჩენა ერთია და დამცირება - კიდევ მეორე. ლუკაშენკომ სოხუმში კი ეძახა პუტინს უფროსი ძმა (საბჭოთა ტერმინია), თუმცა ამ ძმის ტყვეობაში ყოფნა შესაძლოა არც უნდოდეს.
მას კარგად ესმის, რომ სოხუმი ყოველთვის მოსკოვის მხარეს იქნება და არა მინსკის. შესაბამისად, თუკი რაიმე ახალი კავშირი გაკეთდება, მას არ მოუნდება, იქ უუფლებო სუბიექტი იყოს. არ მოუნდება, მუდმივად უმცირესობას წარმოადგენდეს.

ეს მისი თამაშის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ლუკაშენკო მაინც საბჭოთა მოთამაშეა და მისი ფორმულაა: ერთი თქვა, მეორე იფიქრო და მესამე გააკეთო. ჰოდა, თუკი მანევრი სამივე კომპონენტისგან არ შედგება, ის უკვე არ არის ის, რაც უნდა იყოს. 

აფხაზეთი კი თავისი მოსკოვთან მოკავშირეობით ლუკაშენკოს სწორედ ამ ფორმულას უნგრევს.

თუმცა, ის დიდი ხანია თავის თავს აღარ ჰგავს. ეს სოხუმში მისმა ვიზიტმაც აჩვენა.
ასე რომ, ახლა ის თავად დგას იმ წერტილში, საიდანაც საითაც არ უნდა წავიდეს, წააგებს. ლუკაშენკოს გამარჯვების რესურსი უბრალოდ ამოეწურა და სულ ეს არის.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი