სტატიები
ოპოზიცია პოლიტიკური ექსტრემიზმიდან პატრიოტულ ექსტაზამდე და ხელისუფლების მძიმე არჩევანი - საქართველოს 2022
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
810 28 დეკემბერი 2022, 16:06


ქეთი ხატიაშვილი

პოლიტიკური ექსტრემიზმიდან პატრიოტულ ექსტაზამდე და პირიქით - ოპოზიციამ 2022 წელიც ამ მოჯადოებულ წრეში გაატარა. 

ახალ წელს შარშანაც შიმშილობით შეხვდა და ახლაც შიმშილობით ხვდება. განსხვავება მხოლოდ რაოდენობაშია. მაშინ მასობრივი შიმშილობა გამოცხადდა, ამჯერად კი საშიმშილოდ მხოლოდ სამი ნაციონალი დეპუტატი ჯერ დაწვა, შემდეგ წამოჯდა და ბოლოს ადგა...

პოლიტიკურ ექსტრემიზმში არანაირი სიახლე არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლების ექსტრემიზმი პირდაპირ გადმოაკოპირეს. 

თუმცა პირველად გაჩნდა დიდი დოზით პატრიოტული ექსტაზი. ყველანი ფრონტზე ან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე ჩემთვის მისაღები არც იყო და ვერც გახდება. ბრძოლა არ შეიძლება იყოს ბოლო უკრაინელამდე ან ბოლო ქართველამდე ან ბოლო აზერბაიჯანელამდე... ბრძოლა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებამდე. 

მხოლოდ ომი არ არის ბრძოლის მეთოდი, ბრძოლის მეთოდია დიპლომატიაც... იყო ისტორიაში შემთხვევები, როცა ომზე უარს ამბობდნენ, იმისთვის რომ ჯერ ერი გადაერჩინათ, შემდეგ - ქვეყანა და ხელსაყრელ მომენტში მტერი დაემარცხებინათ. 

მოლაპარაკებების იდეა უკვე კიევისთვისაც აქტუალური ხდება. 

პატრიოტიზმი ერთია და კონტექსტი - მეორე. საქართველოს ხელისუფლებამ კონტექსტი გაითვალისწინა, იგივე 2008 წლის... 

პატრიოტიზმი კი ემოცია არ არის, პატრიოტიზმი გონიერებაა. ჰოდა, თუ გესმის, რომ ომი უსარგებლოა და შესაძლოა, ეგზისტენციალური საკითხის წინაშე დადგე, მაშინ ჯობია, ის თავიდან აიცილო. ისევე როგორც შენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნები აკეთებენ ამას...

პატრიოტული ექსტაზი კი სიბეცე, სიბნელე და სირცხვილია...

რამდენიმე მაგალითი ვნახოთ ისტორიიდან. 

შუა საუკუნეებში ჯვაროსნების მესამე თუ მეოთხე ლაშქრობაში ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. რელიგიურმა ექსტაზმა ხალხი დააჯერა, რომ წმინდა მიწაზე შებიჯების უფლებას ღმერთი მხოლოდ უცოდველ ბავშვებს მისცემდა. ჰოდა, ისინიც დარაზმეს საშინელ სიკვდილთან შესახვედრად. 

1921 წელს კი ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის კარები გააღო და სტუდენტებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. ესეც პატრიოტული ექსტაზი იყო. ეს სრულიად გამოუცდელი და ნიჭიერი ახალგაზრდებიც მაშინ დიადი სიკვდილისკენ დარაზმეს. არანაირი გმირობა ეს არ იყო. 

რა თქმა უნდა, სამშობლოს დაცვა უნდა. მაგრამ პატრიოტიზმია, როცა ჯარის შექმნაზე ზრუნავ. სტუდენტების ომში გაგზავნით ვის რა მოუგია? ჰოდა, ჩვენც დავმარცხდით...

მოკლედ, ექსტაზი ყველაფერს კლავს, მომავალსაც კი....

არადა პატრიოტული ექსტაზის გზა რამდენჯერმე გავიარეთ. პირველად - ზვიად გამსახურდიას დროს. კანონიერად არჩეული პრეზიდენტი მაშინ დაამხვეს, რამაც სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. მეორედ - შევარდნაძის დროს, როცა მაშინდელი ოპოზიციისთვის ჩეჩნეთის ომი იქცა შთაგონების წყაროდ. მაშინაც ამბობდნენ, საქართველო ამ ომში უნდა ჩაერთოს და თავისუფლებისთვის იბრძოლოსო. 

მაგრამ შევარდნაძემ, რომელიც ძალიან კარგად აფასებდა რეალობას, კარგად იცოდა, რომ ეს ომი საქართველოს გააცამტვერებდა. ამიტომაც მშვიდობას დაუჭირა მხარი და დღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი გვაქვს. 

ასე რომ, ეს უბრალოდ მშვიდობა არ იყო, რომელსაც მხოლოდ სტაბილურობა მოაქვს. ეს იყო საქართველოს ჩართვა საერთაშორისო პროექტებში და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მისი დაფიქსირება. 

ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე დადგა საქართველო წელსაც. და ამჯერადაც ეს არ ყოფილა მხოლოდ სტაბილურობა, რომელიც ბრეჟნევის ხანასა და უძრაობასთან უფრო ასოცირდება. საქართველო ახლა ახალ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. 

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტს მოაწერეს ხელი. 

ამ პროექტმა საქართველო როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორად აქცია... მან რეგიონული მოთამაშის სტატუსიც შეინარჩუნა. 

მაგრამ ერთია, პატრიოტული ექსტაზი, რომელსაც ჯობია, არ გაეკარო და მეორე - სოლიდარობა, რომლის გამოხატვაც არ უნდა დაგაგვიანდეს. და ამას იგივე გენერატორების შემთხვევაზე ვამბობ. 

რაც შეეხება ჩრდილოეთს, აქ არაფერი შეცვლილა - რუსეთი ისევ ოკუპანტია...

ჩვენ ორ საქართველოში ვაგრძელებთ ცხოვრებას. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტი გავიდა და ცხრა აპრილის მემორიალის წინ ერთად დგომას დღემდე ვერ ვახერხებთ. 

ვერც 2022 წელს შეხვდა, დაელაპარაკა და გაუგო ამ ორმა საქართველომ ერთმანეთს. პირიქით, კიდევ უფრო მეტი მიუღებლობითა და, შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი ჩაუარეს ერთმანეთს. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს...

მაგალითად, მიშას მომხრეები გულწრფელად წუხან, რომ მიშამ წონაში დაიკლო, რომ ის პატიმრობაში იმყოფება. ეს გრძნობა მათში იმდენად დიდ პროტესტს იწვევს, რომ მზად არიან, ყველაფერი დაიჯერონ.

სწამთ კიდეც, დარწმუნებით იციან, რომ ის მოწამლეს და კლავენ...

სწორედ ამ დროს, ამ მომენტში მეორე საქართველოში გარდაიცვალა დედა ქეთევანი. ის კოდორის ხეობის მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რითაც ნორა კვიციანი, შეიძლება ითქვას, წმინდანადაც კი აღიარეს. 

დედა ქეთევანის მიცვალებამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას მესამე პრეზიდენტის მმართველობა. 

ნორა კვიციანის ისტორია 2006 წლიდან იწყება. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანისა და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ... ემზარი - ვერა, მაგრამ მისი და ნორა ნამდვილად დააკავეს. მედიაში წერდნენ, რომ ის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა, რაკიღა ძმა გაექცა...  ციხე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა.

[აქ მაინც ვიტყვი. საქმე ის კი არ არის, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურ სპეცოპერაციას ატარებდა. ემზარ კვიციანის შენაერთი არ იყო კანონიერი. მაშინ ამაზე ბევრი იწერებოდა. ბატონი ემზარიც რუსეთში გაიქცა და ამით, ფაქტიურად, ყველაფერი თქვა...]

მოგვიანებით, უკვე საკრებულოში მიშას ფოტოს მისივე პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა ვითარებაში გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები დაუპირისპირეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, გირგვლიანიც იყო.  

არცერთი მხარე არ არის მზად არც პატიებისთვის და არც დავიწყებისთვის... და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს.

მანამდე კი კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებაზე. საქართველომ ჰააგაში სასამართლო პროცესი მოიგო. პრემიერი ამაყად იტყვის: ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.

ჰააგამ დაადგინა, რომ საქართველოს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია. ვინ დაიწყო ომი - ეს ძიების საგანი არ ყოფილა. 

წელსვე საქართველო შეუერთდა 38 ქვეყნის მთავრობებათა მიერ ჰააგისათვის უკრაინის სიტუაციის გამოსაძიებლად გადაცემულ მოთხოვნას (ანუ რეფერალს – referral). და ახლა ჰააგამ უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიება უნდა დაიწყოს. კარგია, რომ აქ არ დაგვაგვიანდა...

იმდენად რთული, წინააღმდეგობრივი და ექსტრემალური წელი გვქონდა, რომ ცნობილი სიმღერის ფრაზით ჯობია, დავასრულოთ: ...მშვენიერო მარკიზა, დანარჩენი ყველაფერი კარგად არის...

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი