სტატიები
ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების უკონკურენტო ლიდერად რჩება საქართველოშიც და დასავლეთშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1228 13 იანვარი 2023, 13:12


ქეთი ხატიაშვილი

როცა პირველად კენჭი იყარა, ეს ორგანიზაცია ბოლომდე გაკოტრებული იყო. და არა უბრალოდ გაკოტრებული, მთლიანად დისკრედიტებული.
  
ახალ რეალობაში, საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ, საქართველოს პროფკავშირები უპატრონოდ დარჩა - კომუნისტური პარტია მასზე ვეღარ ზრუნავდა. 

და ისევე როგორც ყველგან, პროფკავშირებშიც ჯერ ყველაფერი გაჩერდა, შემდეგ ყველაფერი ჩამოიშალა. ეს იყო სკანდალების, ინტრიგებისა და აფერების სერიალი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.

თუმცა 2005 წელს მოხდა ის, რამაც ყველაფერი შეცვალა. ამ ორგანიზაციისთვის ათვლის წერტილი სწორედ აქედან იწყება. 


2005 წლის სექტემბერში პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილს ირჩევენ. 

2006 წელს ის მოვალეობის შესრულებას იწყებს. ირაკლი პეტრიაშვილმა ONGO-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა: 

_ როცა პირველად მივედი პროფკავშირებში, გაოცებული დავრჩი. ეს არ იყო ის, რაც მე დასავლეთში ვნახე, რაც მე იქ ვისწავლე - როგორი უნდა იყოს პროფკავშირები თავისი ფუნქციებით, აქტივობებითა და საქმიანობით. ის, რაც აქ დამხვდა, - რა გარემოსაც ერქვა პროფკავშირი აქ, - და ჩემი დასავლური ცოდნა, - რაც იქ მივიღე, - ერთმანეთთან საერთოდ აცდენილი იყო.

რომ შევადაროთ, ეს იგივეა, ამ ქუჩას მანჰეტენი რომ დავარქვათ. და მაშინ მე და ჩემთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდამ ცვლილებები მოვითხოვეთ. ჩვენ ვხედავდით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა. 

ასე დაიწყო ირაკლი პეტრიაშვილის ისტორია საქართველოს პროფკავშირებში და საქართველოს პროფკავშირების ისტორია თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში.

_ დამოუკიდებლობამ ყველანი გარკვეული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ეს სიახლე იყო. ახალი რეალობის მიღება მაშინდელ პროფკავშირებსაც გაუჭირდა. ერთია, როცა ცეკას მდივანი ყურმილს იღებს და შენს გასაკეთებელს ერთი ზარით თავად აგვარებს და მეორეა, როცა შენ დამოუკიდებელი ხარ და ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა. გადაწყვეტილებებსაც შენ იღებ, შეცდომებსაც შენ უშვებ, წარმატებებსაც შენ აღწევ და ცვლილებებსაც თავად ატარებ. განსხვავება დიდია. 

რა გარემოსაც ერქვა პროფკავშირი აქ, - და ჩემი დასავლური ცოდნა, - რაც იქ მივიღე, - ერთმანეთთან საერთოდ აცდენილი იყო

ამ განსხვავებას, სხვათა შორის, კარგად აჩვენებს ციფრები. საბჭოთა საქართველოში პროფკავშირებს 2 მილიონზე მეტი წევრი ჰყავდა, ახლა აქ დასაქმებულების 27%-ია გაერთიანებული. 

მაშინ ყველა დასაქმებული ვალდებული იყო, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და გადასახადი ეხადა. გამონაკლისი არ არსებობდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა, კომუნისტურ პარტიას მტრადაც კი გამოეცხადებინე. შეიძლება კომუნისტურ პარტიაში არ შესულიყავი - დიდი-დიდი კარიერას ვერ გაიკეთებდი, მაგრამ პროფკავშირების წევრობა უბრალოდ სავალდებულო იყო. ეს დაუმორჩილებლობად ფასდებოდა. ურჩებს კი სამაგალითოდ სჯიდნენ.

დამოუკიდებლობის შემდეგ ეს კავშირი გაწყდა - ორგანიზაცია დამოუკიდებელი გახდა და მას სჭირდებოდა ლიდერი, რომელსაც ესმოდა დამოუკიდებლად მართვის უპირატესობაც, პრივილეგიაც და საჭიროებაც. 


ცვლილებები, რომლის გატარებაც ირაკლი პეტრიაშვილმა გუნდთან ერთად დაიწყო, რისკი არ ყოფილა - წარმატებას მიაღწიეს. ეს მაინც დასავლეთში მიღებული ცოდნის დამსახურება იყო და ალბათ ცოტა ინტუიციისაც. 

და აქ საუბარია ორგანიზაციაზე, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მხოლოდ უფასოდ დასვენების სერვისი ჰქონდა, 90-იანი წლებიდან კი ნგრევა დაიწყო, რადგან საბჭოთა მენტალობის მქონე თავმჯდომარეებმა ამ ორგანიზაციის რეფორმირება ვერ შეძლეს. და მხოლოდ 2006 წლიდან იწყება ცვლილებები. 

და უკვე დღეს, არჩევიდან 16 წლის შემდეგ, „აირაის“ კვლევების მიხედვით, პროფკავშირებს 26% ენდობა. 

_ კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ქვეყანაში მშრომელი ხალხის ხმა უნდა გაძლიერდეს. რეალური სამოქალაქო საზოგადოება უნდა შეიქმნას, რომლის ხერხემალიც პროფკავშირები იქნება. 

ამისთვის კი საჭიროა ხალხის მოზიდვა - პროფკავშირებში გაწევრიანების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს. დასაქმებულებისთვის ჩვენ უფრო მიმზიდველი უნდა გავხდეთ

საბჭოთა კავშირის დროს პროფკავშირებს ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა - ხალხს უფასოდ ასვენებდა სხვადასხვა  კურორტზე. მაშინ კომუნისტები ამბობდნენ, ხელისუფლებაში თავად მუშები და გლეხები ვართ და ჩვენგან ვინ უნდა დაიცვათო. ამიტომაც პროფკავშირების წევრობა მაშინ მხოლოდ უფასო დასვენებასთან ასოცირდებოდა. 

ხალხისთვისაც ასე იყო - უფასო საგზური კურორტზე. გვეუბნებოდნენ კიდეც, ეს საკანონმდებლო მუშაობა რა თქვენი საქმეა, თქვენ ხალხის უფასო დასვენებაზე იზრუნეთო. 
მაგრამ დღეს პროფკავშირები, როგორც ინსტიტუტი, შედგა. როცა მე ვიწყებდი,  იმავე შრომით უფლებებზე მხოლოდ 3-4 ათას ადამიანებთან ერთად ვსაუბრობდი. მაგრამ ახლა 14-ათასიანი აქციებიც მოგვიწყვია და 88-ათასიანი ხელმოწერებიც შეგვიგროვებია. 

_ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, რა უპირატესობა აქვს პროფკავშირების წევრობას? ეს იგივეა, მანქანა რომ დავაზღვიო და ავარიის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ ის შემიკეთოს? სწორად მესმის?

_ დიახ, მაგრამ პროფკავშირების ფუნქცია მხოლოდ სასამართლოში თქვენი ადვოკატირება არ არის. 

_ მაგრამ პროფკავშირის ადვოკატში ფულს არ ვიხდი, ხომ ასეა? სხვა შემთხვევაში მიწევს დაქირავება, რაც საკმაოდ ძვირია, სხვათა შორის.

_ დიახ, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. პროფკავშირის წევრისთვის კი ეს მომსახურება უფასოა

აქაც ბევრი ხარვეზია. სასამართლო პროცესები ძალიან იწელება, ამიტომაც ჩვენ უკვე მოვითხოვეთ საერთო სასამართლოებიდან შრომითი დავების გამოტანა. 

ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა. დამსაქმებელმა უნდა დაინახოს, რომ, თუ თქვენ არასწორად მოგექცევათ, სასამართლომდე მას ემუქრება თქვენი კოლეგების სოლიდარობა თქვენ მიმართ. თქვენ ხომ ვერ ივლით ამ განწყობის შესაქმნელად, მას სწორედ პროფკავშირები ქმნიან. 

ამის გარდა, პროფკავშირები ზრუნავს დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ბევრ რამეს მივაღწიეთ. შრომის ინსპექტორი გვყავს, საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, დასაქმებულების უფლებები კანონით რომ იყოს გარანტირებული. 

მაგალითად, დეკრეტული შვებულება ახლა 2000 ლარი გახდა ჩვენი აქტიურობის შედეგად, მაგრამ მე რომ გაცილებით მეტი წევრი მყავდეს და დასაქმებულების მხოლოდ 27%-ს არ მოვიცავდე, ეს ციფრი გაცილებით მაღალი იქნებოდა.

 
_ რა არის მთავარი პრობლემა, რატომაც არ გყავთ 27%-ზე მეტი?

_ ნაწილობრივ ჩვენი სტრუქტურის მოუქნელობის გამო და ყრილობაზე გარკვეული ცვლილებები უკვე მივიღეთ. სისტემა კიდევ უფრო მოქნილი გახდება - წესდებაში შესაბამისი ცვლილებებიც შევიტანეთ.
 
მეორე მიზეზია საზოგადოების მენტალობა. მას დასავლურ სამყაროში არ უცხოვრია და კარგად არ იცის, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. როგორც უკვე ვთქვით, პროფკავშირები ბევრისთვის მაინც უფასო დასვენებასთან ასოცირდება და არა უფლებებთან. პროფკავშირები საბჭოთა პროდუქტი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ რაკი ყველაფერი საბჭოური ცუდია, პროფკავშირებიც ცუდია. არ იციან, რამდენად დიდი ძალა აქვს მათ ქმედებებსა და რეაგირებას.  რეალურად, ხომ არ არსებობს კარგი ან ცუდი დამსაქმებელი ან ხელისუფლება. საზოგადოება თავისი აქტიურობით უწესებს მათ მოქმედების ჩარჩოებს, რიტორიკას...

ახლა ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე 20 წლის წინათ ვიყავით. თუმცა სამოქალაქო თვითშეგნების დონე ჯერ ისევ დაბალია.

_ რა კეთდება ახალი წევრების მოსაზიდად?

_ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ძირითადი საქმიანობის პარალელურად კი დამატებითი სერვისები შემოგვაქვს. 

ვმუშაობთ უმუშევრობის დაზღვევაზეც. ალბათ სხვადასხვა პაკეტი იქნება. თუ უმუშევარი დარჩებით, ხელფასის 50%-ზე მეტს მიიღებთ

ინგლისური ენის კურსი შემოგვაქვს პროფკავშირის ყველა წევრისთვის. მსოფლიოში ყველაზე კარგ კომპანიასთან დავდეთ კონტრაქტი და ჩვენს წევრებს უნიკალურ საშუალებას ვაძლევთ. ეს იქნება კვირაში 4-საათიანი გაკვეთილები ონლაინრეჟიმში. ჩვენი წევრები, მაგალითად, „ტოეფელის“ გამოცდებისთვის მომზადებასაც შეძლებენ. 

გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს ბარათების ორ უმსხვილეს კომპანიასთან. ამ ბარათით პროფკავშირის წევრები ყველგან შეძლებენ ფასდაკლების მიღებას. ეს მოლაპარაკებები პროცესშია. 

ვმუშაობთ უმუშევრობის დაზღვევაზეც. ალბათ სხვადასხვა პაკეტი იქნება. თუ უმუშევარი დარჩებით, ხელფასის 50%-ზე მეტს მიიღებთ, სანამ ახალ სამსახურს იშოვით. შვიდი თვით დაიზღვევით ან 10 თვით. 

ვფიქრობთ, ასეთი სერვისები ხალხს პროფკავშირში გაწევრიანების სტიმულს მისცემს. 

_ ბატონო ირაკლი, როცა პირველად მოვედი პროფკავშირში, სიმართლე გითხრათ, ცოტა შოკირებულიც კი ვიყავი. აქ თანამედროვე ადამიანების გვერდით ის თაობაც ვნახე, სწორედ მაშინ რომ ჩარეცხეს, როცა თქვენ თავმჯდომარე გახდით. საბჭოთა თაობა თქვენ სამსახურში დატოვეთ. რამდენად გაგიჭირდათ ასეთ ვითარებაში რეფორმების გატარება? 

_ იმპერატორი ხომ არ ვარ, ან ზოგიერთი პრეზიდენტი, განკარგულება გავცე, ვინ ჩაირეცხოს და ვინ - არა? შენ თუ მიზანში მეთანხმები და ჩემთან ერთად ამ მიზნისკენ სიარული შეგიძლია, ხელი რატომ უნდა გკრა? 

_ მათი დატოვება თქვენი შეგნებული არჩევანი იყო?

რა თქმა უნდა! ახალგაზრდაც ბევრი მოვიყვანეთ. 

_ როცა პროფკავშირების თავმჯდომარედ პირველად გირჩევდნენ, თქვენი სლოგანი იყო: „ახალგაზრდები რეფორმებისთვის“, არჩევის შემდეგ მალევე მეორე სლოგანი გაჩნდა: „იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა“.  პირველი გულისხმობდა პროფკავშირების შიგნით რეფორმას, მეორე - საზოგადოების მენტალიტეტის ცვლილებას. რომელი უფრო რთული აღმოჩნდა თქვენთვის? 

ერთიც რთული იყო და მეორეც. 

საზოგადოებისთვის სოლიდარობის გრძნობა დღემდე უცხოა. არ იცის, რომ იმის მოპოვებაში, რაც მას ეკუთვნის, თავად უნდა ჩაერთოს. და არა ისე, როგორც ადრე, მოსკოვში რომ წყვეტდნენ, ვინ როდის უნდა ყოფილიყო ბედნიერი და როდის - უბედური. 

ადამიანს აქ იმ მოლოდინით ირჩევენ, რომ ჩემს გასაკეთებელს ის არჩეული ადამიანი გააკეთებს. საფრანგეთში, მაგალითად, ასე არ არის. როცა ადამიანი ხედავს, რომ პრობლემები აქვს, ქუჩაში გამოდის და მოქმედებას თვითონ იწყებს, არავის ელოდება. 

ჩვენს შემთხვევაში, იმედგაცრუება გარდაუვალია. მერე ისევ ახლის არჩევა უნდათ. 


_ 2012 წლამდე პროფკავშირებს სასამართლოში არცერთი საქმე არ მოუგია. 

_ დიახ, ასეა. 

_ და 2012 წლის მერე არ წაუგია...

_ მხოლოდ რამდენიმე წავაგეთ. 

- ეს რისი დასკვნის საფუძველს გაძლევთ. ერთი მხრივ ამბობთ, რომ აპოლიტიკურები ხართ, თუმცა მეორე მხრივ, სწორედ პოლიტიკურ გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა...

- როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აპოლიტიკურები ვართ, მხოლოდ იმას ვგულისხმობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და არ ვიქნებით პოლიტიკური მოთამაშე, პოლიტიკური პარტიის სტილში მოთამაშე. პროფკავშირი იქნება იმ პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი, ვინც ცივილიზებული ნორმების დაწესების მომხრეა. 

ასეა ინგლისში, პროფკავშირები ლეიბორისტულ პარტიასთან არიან, გერმანიაში - სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. 

თქვენ ვისთან ერთად ხართ?

ჯერჯერობით არავისთან ერთად. 

თუმცა, როგორც აღნიშნეთ, 2012 წლამდე ერთი სასამართლო პროცესიც კი არ მოგვიგია. ახლა გვაქვს ნორმალური შრომის კოდექსი, ნორმალური შრომის ინსპექცია, აგერ დადგენილება მაქვს უკვე პრემიერის, სადაც პროფკავშირებს გარკვეული უფლებები ეძლევა. 

რა თქმა უნდა, მეტი მინდა, მათ შორის უმუშევრობის დაზღვევა საპენსიო დაზღვევა. მაგრამ იმის გამო, რომ მეტი მინდა, იმას ვერ დავაბრუნებ, სადაც არაფერი მქონდა.

ხლაც მახსოვს მოსამართლე ადეიშვილი, რომელსაც ეწერა: დიახ, შრომის კოდექსი დისკრიმინაციულია, მაგრამ დისკრიმინაცია დაშვებულიაო

ვერცერთ სასამართლოს ვერ ვიგებდი. კანონში არსებობდა 37-ე დ) მუხლი. ეს მუხლი დამსაქმებელს თქვენი უმიზეზოდ დათხოვნის უფლებას აძლევდა, თვალის ფერის გამო ან უბრალოდ ნაბახუსევზე არ იყო ხასიათზე.  

_ ბევრი გქონდათ ასეთი საქმე?

_ დიახ, ახლაც მახსოვს მოსამართლე ადეიშვილი, რომელსაც ეწერა: დიახ, შრომის კოდექსი დისკრიმინაციულია, მაგრამ დისკრიმინაცია დაშვებულიაო. 

_ თქვენ მძიმე მემკვიდრეობა მიიღეთ და მისგან მზარდი გავლენების მქონე ორგანიზაცია ააწყვეთ. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მოხვედრა ბევრს მოუნდა - კონკურენცია არის, მაგრამ უკვე მეხუთედ აგირჩიეს. როგორ ფიქრობთ, რა გხდით უკონკურენტოდ?

_ სხვათა შორის, რამდენჯერმე, მათ შორის 2017 წელსაც, გადაწყვეტილი მქონდა, რომ კენჭი არ მეყარა. მაგრამ იმ გამოწვევებმა და ადამიანების ბინძურმა ქმედებებმა, - მათ შორის ძალიან ახლო რადიუსში მყოფი ადამიანების ძალიან ბინძურმა ქმედებებმა, - ჩემში სპორტული ჟინი გააჩინა. არჩევნებში მონაწილეობით გავაპროტესტე ის, რასაც არ ვიმსახურებდი. 

ბინძური მეთოდებით არ უნდა იბრძოლო. ეს წესების გარეშე ბრძოლა ვერ მივიღე

_ დაამტკიცეთ, რომ სიმართლე თქვენს მხარეს იყო?

_ ეს შავი პიარი უბრალოდ ამაზრზენი იყო. მართლა დამღლელია. ჩემს პოზიციაზე მე ჩემს ერთ-ერთ მოადგილეს განვიხილავდი. ჩვენ ერთად განვავითარეთ და გავაძლიერეთ ეს ინსტიტუტი და როცა ვიღაც წესების გარეშე გებრძვის, ეს მიუღებელია. ბინძური მეთოდებით არ უნდა იბრძოლო. ეს წესების გარეშე ბრძოლა ვერ მივიღე.

მარცხნიდან მარჯვნივ: რაისა ლიპარტელიანი, ირაკლი პეტრიაშვილი, თამარ სურმავა, ლავრენტი ალანია

_ ვინ არის ამ ბრძოლაში თქვენი მოკავშირე? ერთი მხრივ, თაობა, რომელიც თქვენ არ ჩარეცხეთ და მუშაობისა და ცხოვრების საშუალება მიეცით და მეორე მხრივ, ახალგაზრდები? ყურადღება მივაქციე, რომ ამ ყრილობაზე ახალგაზრდა იურისტი გოგო, თამუნა სურმავა, მოადგილედ აირჩიეთ

_ იცით, თავის დროზე, როცა პროფკავშირებში მუშაობა დავიწყე, მე და ჩემს მეგობრებს, ვინც ახალგაზრდები ვიყავით, ცვლილებები გვინდოდა. ცუდი ხომ არაფერი მინდოდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მივიღე. ჩემი შეხედულებების იგნორირება ხდებოდა. მიუღებლები ვიყავით ახალგაზრდები.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებული იყო ნორმები - ვიღაცა ვიღაცის შვილია, ან ძმაა, ან ქმარია ან დეიდაშვილია. პატრონიანი ბევრი იყო ჩემ გარშემო, მაგრამ მე პატრონი არ მყოლია. ამ მენტალური სიმახინჯის მიუღებლობა ყოველთვის მქონდა. 

თუ ჩემს მოადგილეებს შეხედავთ, იმავე თამუნა სურმავას მაგალითზე გეტყვით, რომ ამ თვალსაზრისით უპატრონოები არიან. სამაგიეროდ, საქმის მიმართ არიან თავდადებულნი. ეს არის ჩემთვის ამოსავალი. 

მაშინ ახალგაზრდა სახიფათო იყო, იმიტომ რომ შეეძლო, უფროსის ადგილი დაეკავებინა, ამიტომაც მათი ეშინოდათ. ეს მომენტი არასოდეს მქონია. 

ხომ ხედავთ, რომ ახალგაზრდების დიდი გუნდი მყავს. მთავარი კომპეტენციაა. ძველების გაკეთებულის დაფასების უნარიც მნიშვნელოვანი თვისებაა. 


_ მაგრამ რაზე დგას თქვენი ავტორიტეტი დასავლეთში? იქაც ხომ სერიოზული რეგალიები და გავლენები გაქვთ. თანაც იქაც გირჩევენ, არავინ გნიშნავთ... ამას რით ხსნით? 

_ სკეპტიკურად ან მტრულად განწყობილი ნაწილი ალბათ საკუთარი საბჭოური მენტალობით მიიჩნევს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საბჭოთა რუსეთში იყო - ორ კონიაკს რომ ჩაიტანდნენ და საკითხებს აგვარებდნენ. მაგრამ გერმანელს ან ფრანგს ასე ხომ თავს ვერ აარჩევინებ. მე კი მირჩევენ, არ ვინიშნები. თან მეორედ ამირჩიეს... არ ვიცი...

_ არ გიფიქრიათ, ეს ხომ უპრეცედენტოა. პირველი და ერთადერთი ხართ პოსტსაბჭოთა სივრციდან, ასე არ არის?

_ ალბათ ჩემი აქტივობებისა და ინიციატივების გამო. მაგალითად, ჩვენ პირველ მაისს გვაქვს აქციები, სადაც კონკრეტულ მოთხოვნებს ვაყენებთ. მერე მისი რევიზია ხომ უნდა მოხდეს? ამ თემაზე ამ კაბინეტში ჩემს მოადგილესთან გოჩა ალექსანდრიასთან მქონდა საუბარი. ვიფიქრეთ, რომ უნდა იყოს დღე, რომელიც მაისის აქციის რევიზიას მოახდენს. ასეთ ციფრად კალენდარში 7 ოქტომბერი მივიჩნიეთ. ეს ინიციატივა წავიღე ბრიუსელში, ბრიუსელმა წაიღო ჟენევაში. შედეგად, შვიდი ოქტომბერი შრომის დღედ გამოცხადდა.  

მოსწონთ ჩემი აქტივობები, სოლიდარობის ხარისხი, რიტორიკა. ალბათ ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა. 

ის რომ აღმასრულებელ საბჭოში არის საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ნამდვილად უპრეცედენტოა

_ თქვენ ხართ პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტი. ასევე მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარული წევრი... ეს უპრეცედენტოა. 

_ დიახ, ის რომ აღმასრულებელ საბჭოში არის საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ნამდვილად უპრეცედენტოა. ეს საბჭო დიდი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან არის დაკომპლექტებული. კოლოსალურ საწევროებს იხდიან, საქართველო კი მხოლოდ 1 625 ევროს იხდის. 

_ წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ირაკლი, თუმცა ბოლოს არ შემიძლია მაინც არ გკითხოთ დამოუკიდებლობის ხარისხზე. ზარი ზემოდან არ მოქმედებს?

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, თქვენ დაუძახებთ ერთ დღესაც თამუნა სურმავას და ეტყვით, ზემოდან დარეკეს და სასამართლოში დიდად ნუ იაქტიურებ, წავაგოთ ერთი საქმე, მერე რა მოხდა. შეიძლება ასე უთხრათ სურმავას?

_ (იცინის) სიცრუის აპარატი ხომ არსებობს? ცალკე ლიპარტელიანი შეამოწმეთ, ცალკე - სურმავა, ცალკე - მე და ნახავთ, რაიმე მსგავსი თუ ყოფილა ოდესმე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
არქივი