სტატიები
მელია გაკოტრდა, ხაბეიშვილმა წააგო, მიშა ისევ დაპატიმრებულია - ოპოზიცია იეღოვას მოწმეებს დაემსგავსა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1325 09 თებერვალი 2023, 00:14

ქეთი ხატიაშვილი

პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში აღარ არსებობს. ერთადერთი, ვინც დარჩნენ, ეს პოლიტიკური მქადაგებლები არიან, ე.წ. ისეთები, კარზე რომ მოგიბრახუნებენ ჭეშმარიტ რწმენაზე სასაუბროდ. აქ კი ვის ვინ ან რა სწამს, იმის მიხედვით.
უფრო ზუსტად, ყველას საკუთარი თავი სწამს...
საქმე იმდენად ცუდად არის, რომ უკვე ხაბესაც კი (იგივე ხაბეიშვილი) საკუთარი თავის სწამს. 

ნიკანორმა თავი მესიად მალევე წარმოიდგინა, როლში იმდენად შევიდა, რომ წინასწარმეტყველურადაც ალაპარაკდა - ენმ-ის არჩევნებში ფულმა გაიმარჯვაო, თქვა. ისე, ხაბეს საკუთარი ავტორიტეტით რომ მოეგო არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ახლად არჩეული თავმჯდომარის დაძახილზე მხოლოდ მელიას მომხრეები კი არ გავიდოდა ქუჩაში. და ისინიც ხომ მხოლოდ იმიტომ გავიდნენ, რომ სეირისთვის ეყურებინათ და მერე ხაბეიშვილისთვის დაეცინათ, არჩევნების წინ რომ ამბობდი, თუ საჭირო იქნება, მიშას ფიზიკურადაც კი დავიხსნიო, აჰა, აქა ვართ ჩვენც ფიზიკურად და ქენი რამეო.

ჰოდა, ვერაფერიც ვერ ქნა. მისი ყურება, საერთოდაც, ერთი დიდი დრამა იყო. მოსამართლე არევაძემ მიშას სასჯელის მოხდა არ გადაუვადა, ავადმყოფობის გამო. ხაბე სასამართლოდან ჯერ პარტიაში გაიქცა, შემდეგ - პრემიერის სახლის წინ, მერე - ისევ პარტიაში, მეორე დღეს - ისევ აქციაზე და ისევ პარტიაში. და ყოველ ჯერზე საგანგებო განცხადების გაკეთება დააანონსა...

და ის, რაც თქვა, საბოლოოდ, 30 წლის დაძველების მეთოდებია. ახალი არაფერი. ყველაფერი ის, რაც 90-იანი წლებიდან გამოვიარეთ სიტყვითაც და საქმითაც. ომიც გვქონდა, აქციებიც, ამბოხებაც და ასე შემდეგ...

ასე რომ, ნაციონალებთან დაკავშირებით ყველაფერი გაუგებარია. მელია გაკოტრდა - ავტორიტეტი და გავლენები ერთნაირად დაკარგა; ხაბეიშვილმა წააგო, მიშა დაპატიმრებულია. 

ასე რომ, მათ ახლა სხვა პრობლემა აქვთ. პოლიტიკური იეღოვას მოწმეები კარზე კი მოგიბრახუნებენ, მაგრამ არ იციან, ვისზე გელაპარაკონ. ხმამაღალი პოპულიზმის გარდა, ხაბე არაფერი არ არის. და ისიც უკვე უინტერესო გახდა. 

ვანო მერაბიშვილი? კულისებში ჟარგონით ამბობენ, რომ სტოსი ახლა სწორედ მას მიჰყავს დავით კეზერაშვილის ფინანსებით. მაგრამ მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მას ჩრდილში დარჩენას აიძულებს. 

აი, ელენე ხოშტარია, მაგალითად, ფულს კეზერაშვილისგან კი იღებს, - თქვა კიდეც, ვთანამშრომლობო, - მაგრამ, როგორც ჩანს, არც იმდენს, რომ ვანო მერაბიშვილს ხელი ჩამოართვას. როგორ შეიძლება, ელენეს ეს გზავნილი გავიგოთ? მას უფრო მეტი უნდა? ვაჭრობს?

ოღონდ, ნუ მეტყვით, ხოშტარია მაგას როგორ იკადრებსო. სხვათა შორის, ის ნამდვილად იყო პოლიტიკური ფიგურა, რომლის მიმართაც მეც მქონდა ინტერესი და ვისაც თვალს ვადევნებდი. თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, როგორ იღებს ის ფულს რუსული ბიუჯეტიდან და რა არგუმენტებით ახსნა ეს ფაქტი მისმა მამამ, ხოშტარია ჩემთვის მხოლოდ ფიგურა გახდა, ერთი რიგითი მოთამაშე, რომელსაც, თუ მისცემ, შეიძლება რამეზე მოელაპარაკო. ასეთია შთაბეჭდილება. 

ჰო, ამ ფულიანმა კეზერაშვილმა თავისი ფინანსური შესაძლებლობებით თითქოს ყველას თავისი სახელი დაარქვა. ხომ გახსოვთ, როგორ აქებდა მას გიგა ბოკერიას ცოლი? თანაც მაშინ, როცა ნიკანორ მელია კორუმპირებულ ოლიგარქს ეძახდა. მაშინ ერთი „ევროპული საქართველოს“ ინტერესებს წარმოადგენდა, მეორე კი -„ნაციონალური მოძრაობის“. მერე როლები გაცვალეს. ბოკერიას ცოლმა ლანძღვა დაუწყო კეზერაშვილს, მელიამ კი - ქება. რა მოხდა? კეზერაშვილმა თავისი ბიზნესპროექტი, სახელწოდებით „ევროპული საქართველო“, დახურა, მოგება არ მოუტანა და ფული აღარ ჩადო. ბოკერია პოლიტიკაში არათუ ბრენდად, წამყვან ფიგურადაც ვერ იქცა. მოკლედ, ეს კიდევ სხვა დრამაა და ახლა არ შევეხებით. 
მაგრამ როცა ფულს გიხდიან, ამას ვალდებულებებიც მოჰყვება. ჰოდა, ნაცებშიც რაღაც ისე ვერ წავიდა და ფულიანმა კეზერაშვილმა ფსონი მელიადან ხაბეიშვილზე გადადო. რამდენად იყიდა? ეს მელიასაც აინტერესებს.

ოპოზიციის უფულოდ დარჩენილ ფლანგზე კი ყველაფერი კიდევ უფრო მძიმედაა. ხან ეროვნულ მოძრაობას ირქმევენ ყურადღების მისაქცევად და ხან - გაერთიანებას აანონსებენ. თუმცა მაინც ვერაფერი...

ზურაბ ჯაფარიძემ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ნაციონალებთან, ელენე ხოშტარიასთან და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანება 2024 წლამდე დაპაუზდა. მოგვიანებით ელენემ მიზეზი ახსნა. აღმოჩნდა, რომ ვანოსთან ურთიერთობა არ სურს. 


მაგრამ ეს გაერთიანებაც არაფერი იქნება... ამ ოპოზიციურ არხებზეც ძირითადად სულ პოლიტიკური მაკულატურა ზის და ერთსა და იმავეს ლაყბობს...

ოპოზიცია ხალხს უკვე აღარც აინტერესებს. 

ყველა დაიღალა და ეს „ენდიაის“ კვლევამაც აჩვენა. ოპოზიციას რეიტინგი ძალიან დაუვარდა. მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ეთერებში უნდა ისხდნენ და გველაყბონ...

ძალიან დამღლელია...  კარზე ბრახუნის ძალა აქვთ, ხმის იოგებიც ომახიანი შერჩათ, მაგრამ სახეს ვერ შოულობენ. არავინ ნათელი, გონიერი და მიზანდასახული ჯერ არ ჩანს... 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი