სტატიები
გზა ახალი ათონისკენ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2100 29 ივნისი 2023, 10:16


დილიდანვე მცხუნვარე მზე მათბობს. ყავა რამდენჯერმე დავლიე... ვერ ვისვენებ, გახარებული ვარ. 
ველოდები ჩემს აფხაზ მეგობარს,  ვინც დიდი ხნის ნანატრ ახალ ათონში უნდა მამოგზაუროს. 
და აი, ისიც... ჩემს მეგობარს პირობითი სახელით მოვიხსენიებ - მას დამირს დავუძახებ.
დავადექით გზას. 

- რამდენ ხანში ვიქნებით? 
- 2 საათში, ისიც, თუ სადმე არ გავაჩერებთ. 

თანახმა ვარ, გზად არსად არ ვგეგმავ გაჩერებას, თუმცა ოჩამჩირეს გავცდით თუ არა, მოყვითალო ფერის დიდ ბენზინგასამართ სადგურთან მაინც მოგვიწია მანქანის გაჩერება. საფულიდან რუსულ რუბლს ვიღებ, რომელშიც დიდად ვერ ვერკვევი. 
ვხედავ, აქვე დიდი მარკეტია.  

შევდივართ, საკმაოდ თამამად ვარჩევ საგზაოდ სასუსნავსა და გაზიან სასმელს. დამირს რაღაცებს ვეკითხები მეგრულად. ქართული, ბუნებრივია, არ იცის. დამირი ცოტა უხერხულად მპასუხობს. ვხვდები, რომ არ სურს, ვინმემ გაიგოს, მისი თანამგზავრი რომ ქართველია. 
საერთოდ არ ვიმჩნევ დამირის უხერხულობას. ბედნიერად ვჯდები მანქანაში და გზას ვაგრძელებთ. 

შევდივართ სოხუმში. და აი, გამოჩნდა ის ლურჯი საოცრება, რომლის კიდეებიც, მეჩვენება, რომ ცას უერთდება. 


აჰა, ეს მშვენიერი პალმები, მთელ სიგრძეზე რომ ჩამწკრივებულან. 
ვიღებ ტელეფონს, მოუსვენრობას ვგრძნობ, მინდა, თბილისში, თუკი ვინმეს  ვიცნობ, ყველას დავურეკო და მათაც ვაჩვენო ეს მშვენიერება, ეს სიგიჟე, ეს თავხედური  სილამაზე. 

ხელს ხან გარეთ გავყოფ და ისე ვიღებ ფოტოებს, ხან შიგნიდან მოვიმარჯვებ ტელეფონს, ხან სად ვრეკავ და ხან - სად. 

დამირი მაფრთხილებს, ძალიან ნუ მივიქცევ ყურადღებას და ადმინისტრაციულ შენობებთან კამერას ნუ მოვიმარჯვებ მაინცდამაინც. 

გავდივართ სოხუმიდან. გზა ფანტასტიკურია, მოძრაობა თავისუფალი, საცობები არაა, მაგრამ ბევრი მანქანა მოძრაობს. 

- ეს ცნობილი ეშერის ხიდია, - მიხსნის დამირი. 
- რით არის ცნობილი? 
- აქ მოხდა დიდი შეტაკება. ეშერის ხიდს იქითა კლდეში იმალებოდნენ ქართველები, კარგად იყვნენ შეიარაღებულები. რუსებმა ქვემოთ ჩამოიტყუეს და ჩახოცეს... რომ არა ეს ჩამოტყუება, ქართველები სოხუმს აიღებდნენ. 

კიდევ რაღაცებს მიყვება დამირი, მაგრამ  ჩემს ყურადღებას ერთი დეტალი იპყრობს და ამ დეტალის ანალიზსა და დაკვირვებაში ვიძირები. 
არ ვიცი, მომეჩვენა თუ ეს ჩემი სურვილი იყო, დამირის მონაყოლში, ხმასა და გამომეტყველებაში გულისწყვეტა და რაღაც სევდა შევნიშნე. ვგრძნობ, რომ  სიხარულით ნამდვილად არ უთქვამს, რომ არა ეს ჩამოტყუებაო... 

თვალწინ იშლება კადრები, იარაღის ჟღარუნი, სროლა, შეძახილები, გინება, ომი, სისხლი, თითქოს მინდა, ეშერის ტრაგედია შევიგრძნო. 

- ახლა მე შენ ისეთ ადგილზე მიგიყვან, მთლად გადაირევი, - ფიქრს მაწყვეტინებს დამირი. 

გადავირიე, გავგიჟდი, გულში ვერ ვიტევ ამ სიხარულს, ჩემს თვალწინ უზარმაზარი სამონასტრო  კომპლექსი იშლება, სიმწვანეში ჩაფლული ოქროსფერი გუმბათებითა და მოწითალო-მოყვითალო ფერის შენობებით, რომლებიც ზღვას გადაჰყურებს. 

წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის საკათედრო ტაძარი აგერ ჩემს თვალწინაა, შემიძლია ხელით შევეხო, შემიძლია ის სიდიადე შევისუნთქო, რომელიც ამ სამონასტრო კომპლექსშია და საბერძნეთის ათონის მთის წმინდა ბერების მიერ 1875 წელს იქნა აგებული. შემიძლია ის სიდიადე შევიგრძნო, რომელიც ამ საოცრებიდან იფრქვევა. 

გული მიჩქარდება, ერთი სული მაქვს, შიგნით შევიდე. 
ძალიან ბევრი ტურისტია, რა თქმა უნდა, რუსები ჭარბობენ. 

ვიყიდე სანთლები და საკმეველი. საოცარი სურნელი ტრიალებს, არაამქვეყნიური, სიჩუმე, სიწყნარე, თითქოს ამდენი ადამიანი ფეხაკრეფით დადის.  
ისმის გალობა. ქართული რომ არაა, კი ვიცი, მაგრამ არც რუსულია. 
ვცდილობ, გავერკვე, რა ენაზე გალობენ, ვამსგავსებ ბერძნულს, რომელიც ადრე ერთ-ერთ ეკლესიაში მოვისმინე. 

ფეხაკრეფით მივუახლოვდი სვიმონ კანანელის ფრესკას. 

„უფალო შეგვიწყალე“, - ვამბობ და ვიწყებ ლოცვას. მჯერა, რომ ჩემი ლოცვა ახლა და აქ განსაკუთრებულია. თითქოს ეს ყველა ფრესკა მე მელოდება, თითქოს ყველა ფრესკიდან მიღიმიან და მეუბნებიან, მიდი ილოცეო.  

ლოცვა ლოცვაა, ღმერთთან საუბარი ყველა ენაზე შეგიძლია, მაგრამ წმინდა ზოსიმეს სიტყვები მახსენდება, ქართული ენა ღმერთების ენააო და მეორედ მოსვლისას უფალი ქართულ ენაზე განგვიკითხავსო. 

ასეც რომ არ იყოს, ნეტა რამდენმა ადამიანმა მოილოცა აქ ქართულად ბოლო 30 წლის განმავლობაში?  შეიძლება 30-მა, შეიძლება მეტმა, ან იქნებ სულაც მარტო მე ვარ, ვისაც ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, აქ ქართულად ვილოცო. 

მკრეხელობისთვის უფალს მიტევებას ვთხოვ და გულმხურვალედ ვიწყებ ყველა ლოცვის წარმოთქმას, რაც ზეპირად მახსოვს. 

ტაძრიდან გამოვდივარ და ტურისტების ნაკადს ვუერთდები. 

უნებურად ულამაზეს „წყლის ბაღში“ ვხვდები. ვხედავ სხვადასხვა ქანდაკებას, რომლებიც კლდეშია გამოკვეთილი და მთიდან წამოსული წყლის შადრევნებით იწონებს თავს. 
აქაურობას წმინდა ადგილად მიიჩნევენ და შადრევნებსაც წმინდა კლდიდან წამოსულ წყალს ეძახიან. 

ასევე ვხედავ დიდ ჯაჭვებს. ლეგენდის მიხედვით, როდესაც  წმინდანი კლდეზე დიდი ჯაჭვით მიაბეს, მთებმა კლდე ისე ძლიერ შეარყიეს, რომ ჯაჭვები დაწყდა და წმინდანი გათავისუფლდა. ახალი  ათონის ეს ლეგენდა ძალიან წააგავს ჩვენი ამირანის ლეგენდას, მაგრამ ის ვინმე აბრაამის შესახებაა. 

ახალი ათონიდან მე და დამირი ისევ უკან, სოხუმისკენ მოვემართებით.

ვჩერდებით ზღვაზე. სუფთა და კამკამა წყალში ქვები სარკესავით ჩანს, როგორ გინდა, არ შეცურო პირდაპირ ასე, კაბით. შევდივარ შუა ზღვაში და ხელებს ვშლი მზისკენ. მადლობელი ვარ მისი, მადლობელი ვარ ამ ზღვისა და ღმერთის, რომელმაც ეს სამყარო თითქოს სპეციალურად ჩემთვის შექმნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი