ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
792 20 მარტი 2020, 18:34

ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან ტოკიოში ჩაფრინდა. ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ჩაიბარეს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ძიუდოისტმა ტადაჰირო ნომურამ და მოჭიდავე საორი იოშიდამ. ტიტულიანმა ოლიმპიელებმა ოლიმპიური ცეცხლის ერთგვარი ლამპარი ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტ იოშირო მორის გადასცეს, თავად კი საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ფიალაში ცეცხლი ჩირაღდნიდან ააგიზგიზეს.

„არაერთი სირთულის წინაშე ვდგავართ, მაგრამ, მჯერა, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ყველას იმედს ჩაუსახავს და სიმხნევეს შესძენს,” - განაცხადა იოშიდამ.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ძიუდოში 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იასუჰირო იამაშიტა და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა იაპონიის თავდაცვის ძალების ორკესტრი. ცერემონიაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სკოლის მოსწავლეებსაც, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, პროგრამის ამ ნაწილზე უარი ითქვა.

ცეცხლის დანთების შემდეგ, მაცუშიმას საჰაერო ბაზის თავზე თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და ცაში სიმბოლურად ოლიმპიური რგოლების ფერი გააფრქვიეს.

ესტაფეტა იაპონიაში 26 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება და 121 დღეს გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას და დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის მარშრუტის გასწვრივ მასობრივად გამოსვლისგან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი