ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე, აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.
„ბავშვობაში გვახსოვს, რომ დაუსრულებელი ტელესერიალები გადიოდა ხოლმე 90-იანების ბოლოს და ამას მაგონებს ამათი ქმედება. უდიდესი სიყალბე, ამ სიყალბეზეა აგებული ყველაფერი. დამოუკიდებელ ექსპერტად შერაცხეს ეს ადამიანი. პატრიცია გჟებიკი გახლავთ პოლონურ სახელისუფლებო წრეებთან აფილირებული ადამიანი. საგარეო საქმეთა უწყების საკონსულტაციო საბჭოს წევრი და წინასწარ დადებული დასკვნა შემოასაღეს საზოგადოებას, რომ თითქოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაა.
პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |