790
06 დეკემბერი 2021, 15:34
ქეთი ხატიაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად საუბრობს სახელმწიფოებრივ აზროვნებზე. ამ ტერმინს იყენებს, მაგალითად, როცა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე სურს ყურადღების გამახვილება.
თუმცა საკმარისია, საუბარი ოპოზიციაზე ჩამოვარდეს, რომ მაშინვე სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტზე აპელირებს.
გარკვეულწილად ვეთანხმები. ეს გზების გადაკეტვები, ბოიკოტები, პიკეტირებები და ასე შემდეგ ალბათ არის კიდეც აზროვნების დეფიციტი.
ერთია, დესტრუქციული - როგორც თავად უწოდებს - ოპოზიცია და მეორე, გამგებლები და მერები. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია განზოგადება, მაგრამ ეს ერთი - რაც თავად ვნახე - კონკრეტული მაგალითიც კი საკმაოდ შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს.
ალბათ, ძალიან დამამცირებელი უნდა იყოს, როცა სოფელში, გამგეობის გარდა, უკლებლივ ყველა სხვა შენობა კარგად გამოიყურება, უკლებლივ ყველა სხვა შენობას აქვს ღობე, კარები, შეღებილი ფასადი, ფანჯრები, ყველა სხვა შენობა სუფთა და მოვლილია.
და მხოლოდ გამგეობის შენობა ჰგავს საქონლის სადგომს. არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასეა. პირველი სართული საერთოდაც ნაგვითაა სავსე, გამოყენებული შპრიცებითაც კი. გამგებელი მოგვიანებით პირად საუბარში მეტყვის, რომ ამას აქაურები კი არა, სხვები აკეთებენ. სხვები ვინ არიან, თბილისელები? თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
საუბარია კავთისხევზე, სოფელია კასპის რაიონში. გამგებელი მიხეილ კელაპტრიშვილი ამბობს, რომ შენობის გასარემონტებლად თანხები არ აქვს. მაგრამ სახელმწიფო სიმბოლიკების პატივისცემა რატომღა გახდა პრობლემა? თუმცა არა, მიხეილ კელაპტრიშვილი აზუსტებს, რომ საქართველოს დროშით სამუშაო ოთახში კედლის ნაპრალი აქვს დაფარული.
რას ნიშნავს, როცა სამუშაო ადგილი ჩამოქცეულია, საცხოვრებელი კი - საკმაოდ კომფორტული. ეს კონტრასტი ძალიან თვალშისაცემია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |