უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, მათ შორის Patriot-ის რაკეტების მიღებაში ხელი შეუშალოს.
იტალიურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირეების სამხედრო საჭიროებებმა, შესაძლოა, კიევისთვის ხელმისაწვდომი შეიარაღება შეამციროს.
„შესაძლოა, ჩვენ რაკეტებისა და იარაღის მიღების თვალსაზრისით, რომელიც ცის დასაცავად გვჭირდება, სირთულეებს გადავაწყდეთ. ამერიკას და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, თავად დასჭირდეთ, მაგალითად, Patriot-ის სისტემის რაკეტები“, - თქვა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკი და უკრაინა ამერიკულ იარაღს PURL-ის პროგრამით იღებენ. ევროპელები ამერიკელებს ფულს უხდიან, რის შემდეგაც ვაშინგტონი კიევს იარაღს აწვდის.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპის უსაფრთხოებაში საკვანძო როლს ასრულებს.
„ჩვენ თქვენი დაცვაც ვართ და ევროპელებს ეს ესმით; ისინი ჩვენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან გვეხმარებიან“, - დასძინა ზელენსკიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |