NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 03 მარტი 2026, 21:49

ტრამპმა 2016 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდწილად მისი წინამორბედების ხანგრძლივი და დამქანცველი ომების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებით მოიპოვა - ახლა კი მან საკუთარი ომი წამოიწყო, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის“.

2016 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად, დონალდ ტრამპს ჯერ ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი, ჯებ ბუში უნდა დაემარცხებინა - ორი ყოფილი პრეზიდენტის შვილი და ძმა, რომლებიც განუყოფლად იყვნენ დაკავშირებულნი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ წარმოებულ ომებთან.

ბუშების საგვარეულო დინასტიაზე - და მის მემკვიდრეობაზე - თავდასხმა ტრამპის კამპანიის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ეს კი გულისხმობდა ერაყის ომის კრიტიკის გაორმაგებას - ომის, რომელშიც აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმ საბაბით ჩართო, რომ უნდა ეპოვათ მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც რეალურად არასდროს არსებობდა.

„ერაყის ომი ერთი დიდი, უზარმაზარი შეცდომა იყო“, - უპასუხა ტრამპმა 2016 წლის თებერვალში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო დებატების დროს, როდესაც ჰკითხეს, კვლავ მიიჩნევდა თუ არა, რომ ბუშის იმპიჩმენტი ამის გამო უნდა მომხდარიყო.

„შეცდომები ყველას მოგვდის“, - დასძინა ტრამპმა. „მაგრამ ეს იყო „შედევრი“. ჩვენ ერაყში საერთოდ არ უნდა შევსულიყავით“.

ეს მომენტი ერთ-ერთი იყო ტრამპის იმ მრავალწლიანი ისტორიიდან, როდესაც ის „სამუდამო ომებს“ გმობდა და პრეზიდენტის რანგში პირობას დებდა, რომ ამერიკას დაიცავდა ისეთი საგარეო ურთიერთობებისგან, რომლებსაც მსგავს კონფლიქტებამდე მიყვანა შეეძლო.

თუმცა, მისი მეორე ვადის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ტრამპმა გასცა სამხედრო მოქმედებების ბრძანება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იანვრის იერიში ვენესუელაზე ნიკოლას მადუროს დასაკავებლად. ახლა კი, ირანთან ომით, ტრამპმა ამერიკა ჩართო ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტში 11 სექტემბრის შემდგომი ერაყისა და ავღანეთის ომების შემდეგ - თანაც კონგრესის თანხმობის გარეშე.

ტრამპის წარმატებული 2024 წლის საარჩევნო კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დაბრუნება იყო, დიდწილად იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას თავისი პირველი ვადის განმავლობაში არცერთი ახალი ომი არ დაუწყია.

„ჩემი მთელი ზრდასრული ცხოვრება იმ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს, რომლებმაც ამერიკა გაუაზრებელ ომებში ჩართეს და მათში გამარჯვება ვერ მოახერხეს“, - წერდა ტრამპის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი 2023 წლის იანვარში The Wall Street Journal-ის საავტორო სვეტში, სადაც მან მხარი დაუჭირა ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას.

„ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, მას არცერთი ომი არ დაუწყია, მიუხედავად საკუთარი პარტიისა და საკუთარი ადმინისტრაციის წევრების მხრიდან არსებული უზარმაზარი ზეწოლისა“, - დასძინა ვენსმა, რომელიც ერაყის ომის ვეტერანია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი წლების განმავლობაში დებდა პირობას, რომ ამერიკას ახალ ომებში არ ჩართავდა, ირანთან მიმართებით მას ყოველთვის მკაცრი პოზიცია ეკავა - იქნება ეს მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეთანხმებული ბირთვული ხელშეკრულების უარყოფა, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია საჰაერო იერიშისას, თუ გასულ წელს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა.

ტრამპის სკეპტიციზმი საგარეო ინტერვენციების - და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომების წარმოების - მიმართ მის აქტიურ პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე იღებს სათავეს. გარდა იმისა, რომ ბუშის ერაყში შეჭრას იმპიჩმენტის საფუძვლად მიიჩნევდა, ტრამპი მანამდეც არაერთხელ მიანიშნებდა, რომ ობამა სამხედრო აგრესიას პოლიტიკური სარგებლის მისაღებად გამოიყენებდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სათავეში შესაძლოა „ქვეყნის შიგნით მყოფი, ზომიერი შეხედულებების პოპულარული ფიგურა“ ჩადგეს
ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
არქივი