Bloomberg: ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავა გახდება პრეცედენტული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახებისთვის მილიარდობით აქტივებს მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 15 სექტემბერი 2022, 11:30
Bloomberg-ი ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ეს საქმე „გახდება პრეცედენტული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც, მდიდარი ოჯახებისთვის, მილიარდობით აქტივებს მართავს“.

„ინდუსტრიაში ჩართული ხალხი, არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, თვალს ადევნებს ამ საქმეს, რათა ნახოს, რა განისაზღვრება სტანდარტად ან ვალდებულებად, რომელსაც ნდობით აღჭურვილი პირები ბენეფიციარებს აკისრებენ“, - ამბობს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

Bloomberg-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება, უბიძგოს საერთაშორისო ბანკებს, რომლებიც ტრასტ-კომპანიებს ზედამხედველობენ, თავიანთი სტრატეგიები შეამოწმონ და გამოიკვლიონ.

ამ საქმეზე დავა უკავშირდება 2004 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, აირჩია Credit Suisse-ი თავისი 1,1 მილიარდი დოლარის განსათავსებლად. იმავე წელს ბანკს შეუერთდა ფრანგი პატრის ლესკადრონი, რომელმაც საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონის ყველაზე მსხვილ კლიენტებთან, მათ შორის ივანიშვილთან.

როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ კერძო ბანკირმა თავისი კლიენტების სახელით ზარალი განიცადა, მან აღიარა, რომ პანიკაში ჩავარდა და სავაჭრო ბრძანებებზე ხელმოწერების გაყალბება და ამონაწერების ასლების შექმნა დაიწყო, რათა მოეგო დრო და ზარალის კომპენსაცია მოეხდინა. მისი ქმედებები მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც მსხვილმა არასწორმა ფსონმა ივანიშვილისთვის 120 მილიონი დოლარის ღირებულების „მარჟინ ქოლი“ (margin call - განაცხადი დამატებითი ფონდების შეტანაზე, გამოწვეული ფასების არასასურველი შეცვლით) გამოიწვია.

ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ნდობით აღჭურვილი მმართველი, რომელიც აკონტროლებს ანგარიშებს, უნდა ზრუნავდეს და აკონტროლებდეს აქტივებს, შესაბამისად, უნდა ჩარეულიყო სიტუაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, 2006 წლის დასაწყისში ლესკადრონის ქმედებებმა ყურადღება მიიქცია.

„ნდობით აღჭურვილ მმართველს რომ არასანქცირებული გადახდები გამოეძია და ტრასტის სათანადო შემოწმება ჩაეტარებინა, როგორც ამას კანონი და მისი საკუთარი წესები მოითხოვს, ის დაინახავდა, რომ ხდება ტრასტის აქტივების უკანონო მითვისება ან/და ინვესტირება იმ პირების მიერ, რომლებსაც ამის არანაირი უფლებამოსილება არ აქვთ“, - განაცხადა სასამართლოზე ივანიშვილის მთავარმა ადვოკატმა კავინდერ ბულმა.

CS ტრასტის ადვოკატები კი აცხადებდნენ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ნდობით აღჭურვილ მმართველს ევალებოდა ტრასტის სტრუქტურის მართვა და არა გამავალი თანხების კონტროლი. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილს და მის მრჩეველ გიორგი ბაჩიაშვილს, რომლებმაც გასულ კვირას სასამართლოს ჩვენება მისცეს, საკუთარ თავზე უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა იმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათი სახელით იყო მიღებული.

სინგაპურის ტრასტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბირიმ განაცხადა, რომ არ დაუკავშირდა ივანიშვილს მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა ლესკადრონის მიერ განხორციელებულ არასანქცირებულ გადახდებს, ვინაიდან თვლიდა, რომ მილიარდერს მხოლოდ თავის საკონტაქტო პირთან პირდაპირი საუბარი სურდა.

სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი