საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 15 სექტემბერი 2022, 18:37
8-14 სექტემბერს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.

ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჯონმა განაცხადა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება.

მისივე თქმით, ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ, შემომავალი ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე იმიგრაციასთან დაკავშირებულმა ნაკადებმა ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის განმტკიცებას და შიდა მოთხოვნის შენარჩუნებას.

„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9 პროცენტამდე გავზარდეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ რეალიზებულა. ეკონომიკის ზრდამ განამტკიცა საბანკო სექტორის მდგრადობა. ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება. გაურკვევლობა უჩვეულოდ მაღალია და არის შესამჩნევი დაღმავალი რისკები, მათ შორის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მკვეთრი შენელების, გლობალური ფინანსური პირობები გამკაცრების, ტურიზმისა და სხვა გარე წყაროებიდან შემოდინების შესაძლო შესუსტების და საქონლის მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნების გამო“, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

მისივე განმარტებით, ეს რთული გარემო მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას, განსაკუთრებით 2 გაცვლითი კურსის მოქნილობას და ფისკალური და სავალუტო ბუფერების დაგროვებას, ასევე ინფლაციური მოლოდინების მართვას.

„2022 წლის ბიუჯეტის შესრულება პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს, შემოსავლები მოსალოდნელზე მაღალია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ინფლაცია. მოსალოდნელზე აღმატებით მიღებული შემოსავლის დაზოგვა გააძლიერებს ფისკალურ ბუფერებს და ხელს შეუწყობს ინფლაციური ზეწოლის შეკავებას. 2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური წესების დაცვა, საქართველოს სსფ-ის მხარდაჭერილი პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად. „სსფ-ს მისამ შეაფასა პროგრესი სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაძლიერების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხარდაჭერის სქემის შემუშავებაში“- აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელება შეზღუდავს ფისკალურ რისკებს და გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას საშუალოვადიან პერსპექტივაში.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები. სებ-მაუნდა გააგრძელოს ინფლაციის დინამიკაზე ზედმიწევნითი დაკვირვება და მზად იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი აწევისთვის თუ ინფლაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდება ან მაღალ დონეზე შენარჩუნების ნიშნები გამოიკვეთა. სსფ-ს მისია მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლების ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისა და სტუმართმოყვარეობისთვის ვიზიტის განმავლობაში. სსფ-ს გუნდი შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დავითაშვილს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ქარსელაძეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძო სექტორისა და დონორთა წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის პირველი მიმოხილვის კონტექსტში“, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი