ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა - ის მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
782 02 მაისი 2021, 17:50

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.

ტურნირის მსვლელობისას, ბასილაშვილი შესანიშნავად ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და ბოლო ორ შეხვედრაში არცერთი საკუთარი გეიმი არ წააგო. იგივე ხდებოდა შტრუფის წინააღმდეგ პირველ სეტში – ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და სამივე პირველ მოწოდებაზე, მეორე ბურთზე კი ექვსიდან ექვსი ქულა აიღო. შტრუფიც არ გამოიყურებოდა ცუდად საკუთარ გეიმებში, მაგრამ ერთი ბრეიკ-პოინტი მაინც მისცა ბასილაშვილს – ეს პირველ გეიმში მოხდა და ქართველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. სწორედ ეს ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი საწყის პარტიაში.

მეორე სეტში შტრუფმა მოუმატა თამაშს, უფრო მეტად უძალიანდებოდა მეტოქეს მის მოწოდებაზე და მეექვსე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერ შეძლო მისი გამოყენება. მეორე პარტიაში ყველაზე რთული გეიმი სწორედ ეს იყო და ამის შემდეგ, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, შესაბამისად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქაც ორივე დამაჯერებლად გამოიყურებოდა თავის მოწოდებაზე. პირველი შეცდომა შტრუფმა დაუშვა – ბასილაშვილმა მეცხრე გათამაშებაში მინი-ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და 6:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ნიკამ მეორე ცდაზე შეძლო მატჩისა და ტურნირის მოგება – 6:4, 7:6 (5). მატჩი საათი და 28 წუთი გრძელდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი