დავით ზალკალიანი - რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
714 21 მაისი 2021, 16:22

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 21 მაისს ონლაინფორმატის რეჟიმში გაიმართა ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი, რა დროსაც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მათივე ცნობით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის.

„ნება მომეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზაზა გახელაძის საქმეზე, რომლის უკანონო დაკავება ცხინვალში 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების მისაღწევად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ორივე რეგიონში, ასევე გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და პრინციპები. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„მინისტერიალის ფარგლებში, ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი