საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მოუწოდებს შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 28 თებერვალი 2022, 20:02

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ფედერაციებს ურჩევს, შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.

"გლობალური სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის დასაცავად და ყველა მონაწილის უსაფრთხოებისთვის, IOC საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს ურჩევს, საერთაშორისო ასპარეზობებზე არ მიიწვიონ და მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუს და ბელარუს სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზების მოკლე ვადების ან იურიდიული მიზეზების გამო ეს შეუძლებელია, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო დაჟინებით მოუწოდებს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა რუსეთიდან ან ბელარუსიდან არცერთი სპორტსმენი ან სპორტის მოხელე არ იყოს დაშვებული, როგორც რუსეთის ან ბელარუსის წარმომადგენლის სახელით.

რუსეთის თუ ბელარუსის მოქალაქეები, გნებავთ ცალკეული პირები ან გუნდი, უნდა აღვიქვათ მხოლოდ ნეიტრალურ სპორტსმენად ან ნეიტრალურ გუნდად. დაუშვებელია ეროვნული სიმბოლოების, ფერების, დროშების და ჰიმნის გამოყენება," - ნათქვამია IOC-ის პრესრელიზში.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყო. მანამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

მსოფლიო სპორტიდან რუსეთის იზოლირების მოთხოვნით არაერთი სპორტული ფედერაცია გამოდის. რიგმა საერთაშორისო ფედერაციებმა რუსულ სპორტს სანქციები დაუწესეს.

http://geonoc.org.ge/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი