ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 02 მარტი 2023, 15:52
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და EOC-ის დელეგაციის სხვა წევრები.

დღეს თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორში“ ხელი მოეწერა ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი-2025) „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას“ EOC-ის ქარტიის შესაბამისად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.

ლერი ხაბელოვი: „დღევანდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის -  საქართველომ ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება. ვიდრე ხელშეკრულებას გავაფორმებდით, იყო არაერთი შეხვედრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ბაკურიანის ოფიციალური წარდგენა EOC-ის ასამბლეაზე, ევროპელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში,  ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლის სტატუსის  მონიჭება, EOC-ის დროშის გადმოცემა, შეხვედრა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებთან. ეს ყველაფერი ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები წინ გველოდება. ეს არის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში, საორგანიზაციო მუშაობის გაშლა სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი მომავალი სტუმრების უზრუნველყოფა საუკეთესო საცხოვრებელი  და საშეჯიბრო პირობებით, ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიების და ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზება, მრავალი სხვა საკითხის მოგვარება ფესტივალამდე და უშუალოდ ფესტივალის მიმდინარეობის დროს.  ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობით, საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ყველა გამოწვევას და ორი წლის შემდეგ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს.“

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ: EOC-ის ,,ბაკურიანი 2025“ ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე  ფლორინ მისკა, EOC-ის პრეზიდენტის თანაშემწე ალექსანდრა გრისპუ, სეოკ-ის ხელმძღვანელები, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე, ბაკურიანი 2025-ის საორგანიოზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში  უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში დასრულებულ ევროპის რიგით XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს როგორც მომდევნო ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გარდამავალი დროშა უკვე გადაეცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი