სტატიები
მიშა შვილის როლში, პარტია - მძევლის... ხაბეიშვილი და მელია ერთმანეთის წინააღმდეგ - რაც ვერ გაიყვეს, უბრალოდ გაამრავლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1019 18 აპრილი 2023, 21:20


ქეთი ხატიაშვილი

სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, მხოლოდ შვილის როლშია - მასზე მხოლოდ დედა ზრუნავს... მისი პარტია კი მძევლად იქცა - უკვე მერამდენე წელია, ნაციონალები იყოფენ, იყოფენ, იყოფენ და ვერაფრით გაიყვეს...

გაყოფა ბოკერიამ დაიწყო, მაშინ მის ამ პოლიტიკურ ავანტიურაში დავით კეზერაშვილმა საკუთარი ფინანსები ჩადო. შედეგად, ბოკერიამ პოლიტიკა წააგო, კეზერამ - ფული. გასაგებია, რატომაც ვერ იტანენ ისინი ერთმანეთს დღეს...

ჰოდა, რაც არ გაიყო, ახლა ცდილობენ, გაამრავლონ... 

გამრავლების ტაქტიკა ნიკანორ მელიამ გამოიყენა. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახალი ოფისი გახსნა. 

გაყოფით გამრავლება, საერთოდაც, ახალი ტრენდია ქართულ პოლიტიკაში. 

ნახეთ, რა მოხდა. არჩევნებში გამარჯვებული ლევან ხაბეიშვილი სათავო ოფისში დაჯდა, წაგებულმა ნიკანორ მელიამ კი თავისთვის ახალი ოფისი იშოვა და ყველა, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად კი, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო, სარაჯიშვილის ქუჩაზე მიიწვია. 

მელიას პოლიტიკური ოფისი სწორედ სარაჯიშვილის ქუჩაზეა, სამხატვრო აკადემიის მიმდებარედ... ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ოფისის ჯერ მხოლოდ ქირაობა იოლი სულაც არ არის. ყოველთვიური გადასახადი, სულ მცირე, სამი ათასი დოლარი უნდა იყოს. ეს ვარაუდია, რომელიც საბაზრო ფასებიდან გამომდინარე შეიძლება გაჩნდეს. 

ამიტომაც ოფისის გახსნაზეც ძირითადად სულ დამარცხებულები იყვნენ მიწვეული...

რა ფულით გახსნა ბატონმა ნიკანორმა დამარცხებულებისთვის ეს ფეშენებელური ოფისი, არავინ განმარტა. ბაჩო დოლიძემ, რომელიც მელიას გუნდის წევრია, თქვა ის, რასაც წლიდან წლამდე შალვა ნათელაშვილი ამბობდა ხოლმე... მან თქვა, მე და ჩემი მეგობრები ვაფინანსებთო... თუმცა მეგობრების ვინაობა არ დაუკონკრეტებია, არც ის უთქვამს, საიდან აქვს ოფისის შესანახი ფული თავად დოლიძეს. ჰოდა, იმას, რაზედაც ღიად არაფერი თქვა, ირწმუნება, რომ დეკლარაციაში ასახავს...

როგორც ჩანს, მელია წაგებას ვერ ეგუება. ალბათ, დაახლოებით ისეთი გრძნობა აქვს, „დურაკაში“ რომ წააგებ... ბოლოს და ბოლოს, ბლოქჩეინის საარჩევნო პლატფორმა ხომ მისი შერჩეული იყო? მაგრამ ლევან ხაბეიშვილს მაინც ვერ მოერია... 

ჰოდა, ამ ერთმა, მელიას თვალში გოიმმა ხაბეიშვილმა, ყველაფერი მოუგო და ყველაფერი წაართვა... ახლა ის არის მთავარი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში და მთავარი ფულადი რესურსიც მის ხელშია. 

თუ ადრე, თავმჯდომარეობის დროს, მელიას მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებდნენ, ახლა, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდეგ, ის სეპარატისტად მოინათლა... ლევან ხაბეიშვილის ოფისი მელიას ოფისის გახსნით გაოცებული დარჩა; მელიას ოფისმაც, თავის მხრივ, ლევან ხაბეიშვილის ოფისის რეაქცია გაიოცა... 

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა დღეს მელიამ, წაგებულებთან ერთად ახალი ოფისი გაეხსნა. კონტექსტს თუ დავაკვირდებით, აქ მთავარი მაინც დავით კეზერაშვილია. 

ლევან ხაბეიშვილს სწორედ ის ლობირებდა... კეზერაშვილი დღეს ქოლცენტრების საერთაშორისო კრიმინალის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება. მელიამ, ალბათ, იფიქრა, რომ ეს რევანშისთვის კარგი მომენტი იყო. 

მაგრამ ვინ შეიძლება აფინანსებდეს მის ამ შეტევას. 

„ლელოს“ ბიჭები? ხაზარაძის ფინანსური მფარველობის ქვეშ მყოფი „ტვ პირველი“ ხომ არ მალავს მელიას მიმართ სიმპათიებს... 

თუ ნიკა გილაური? უკვე დიდი ხანია, მის გვარს პოლიტიკასთან აკავშირებენ. ის მიშა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო. თუმცა უკვე მერამდენე წელია, მის პოლიტიკაში გამოჩენას არ გამორიცხავენ...

ასეა თუ ისე, ბუნებასთან ერთად არც პოლიტიკას უყვარს სიცარიელე. ასე რომ, ვნახოთ, რომელ მეგობრებთან ერთად აპირებს მელია პოლიტიკაში ცეკვასა და სიმღერას, ვინ იქნება დამკვეთი. 

და კიდევ ერთი...

„ენმ“ მოგებულებად და წაგებულებად გაიყო. მელია ამბობს, რომ ეს პარტიის შიგნით მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს... 

მიშა აღარ ახსოვთ. ის ახლა მხოლოდ შვილის როლშია. 

არადა, მის დახსნას ჯერ მელია გვპირდებოდა, შემდეგ - ხაბეიშვილი. 

თუმცა, დღეს ყველამ დაინახა, რომ როგორც ერთს, ისე მეორეს მხოლოდ ერთი რამ სურს, „ენმ“ ჩაიგდოს ხელში. პოლიტიკური ბრენდის ტიტულს ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს... 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
არქივი