გია ცაგარეიშვილი: ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას ვერ მიაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 მარტი 2024, 18:25
სტრასბურგის გადაწყვეტილება მრავლისმეტყველია და ბევრ რამეს უსვამს ხაზს. მე მგონი უმთავრესია, რომ გაცხადდა - თავიდან ბოლომდე ინსინუაცია და სიყალბე იყო მთელი ის შავი პიარი, წარმოებული მოსამართლე ჩხიკვაძისა და ზოგადად სასამართლო სისტემისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შავ პიარს წარმართავდნენ დაინტერესებული პირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბების მცდელობა, თითქოს გვარამია პოლიტიკური პატიმარია, ლაშა ჩხიკვაძე და მთლიანად სასამართლო ხელისუფლება კი პოლიტიკურ გავლენებს არის დაქვემდებარებული. ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი გააქარწყლა.

„ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ზოგიერთმა ლიდერმა თუ სხვადასხვა განშტოებამ, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ყველა საქმე წააგეს ამ კრიმინალებმა სტრასბურგში და მომავალშიც ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები სჩადიოდნენ, არის მხილებული საქართველოს პროკურატურის მიერ, არის მტკიცებულებებით დახუნძლული, შესაბამისი წესით წარმართული საქართველოს სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენებია მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოტანილი. ისეთი განაჩენებია, რომლებსაც წყალი არ გაუვა. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, განსაკუთრებით ლობისტური კამპანიების, განსაკუთრებით გარე გულშემატკივრების, განსაკუთრებით გარეთ შექმნილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მოშველიებით, ქვეყნის შიგნით ჩამოაყალიბონ ისეთი სურათი, თითქოს სასამართლო სისტემა წყალწაღებულია, თითქოს სასამართლო სისტემა დაქვემდებარებულია ზეგავლენას ხელისუფლების მხრიდან.

ბოლო კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც მოწინავეა. არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე არ ხორციელდება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი